2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკოს ცნობით, მათ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა, აქედან 12-ს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
“საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაასრულა. შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკური პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენაა”, – განაცხადა ცესკომ.
პარტიული სიები პარტიის ან ბლოკის მიერ წარედგინება ცესკოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, საქართველოს პარლამენტის კანდიდატი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უნდა წარადგინოს.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად, 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო.