ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სკოლების მასობრივი შემოწმება 4 სექტემბრიდან დაიწყება.
მისი თქმით, ამ დროისათვის 30-ზე მეტი კერძო სკოლა შემოწმდა, აქედან 21-მა ფუნქციონირების უფლება მოიპოვა.
“ვინაიდან პირველ ეტაპზე ნებადართული გახდა კერძო სკოლების ინდივიდუალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა, ამ დროისთვის 30-ზე მეტი კერძო სკოლა შემოწმდა. მათგან 21-ს მივანიჭეთ ფუნქციონირების უფლება”, – აცხადებს ფერაძე.
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, მათი მასობრივი შემოწმება ხვალიდან დაიწყება, განაცხადა ფერაძემ.
“შემოწმებაში როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართული. 400-მდე ინსპექტორი სკოლებს ერთობლივად შეამოწმებს, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 სექტემბრამდე მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სექტორი და თუ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მივანიჭოთ ფუნქციონირების უფლება”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისი თქმით, მომდევნო ეტაპი იქნება გეგმიური მონიტორინგი, როდესაც წლის განმავლობაში შერჩევის მეთოდით ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება შემოწმდება. ის, ვინც ვერ გაივლის შემოწმებას, შეძლებს დარეგისტრირებას ვებგვერდზე, რათა კვლავ გაიაროს შემოწმება.
საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა დაცვით კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეძლებენ.