საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს აქვეყნებს. ამავე დროს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მათ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტების დაცვა მოუწევთ.
ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულაციების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. კერძოდ, არ დაიშვება საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება მხოლოდ ბაღის თანამშრომლის მიერ განხორციელდება.
დაწესებულების შესასვლელთან განხორციელდება თერმოსკრინინგი, რათა ტემპერატურის გაზომვით გაკონტროლდეს როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას.
თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა.
ადმინისტრაცია ვალდებული იქნება უზრუნველყოს ბავშვების ღია სივრცეში მხოლოდ მცირე ჯგუფებად შეყვანის გრაფიკი.
ბავშვებს არ აქვთ უფლება, სახლიდან თან მიიტანონ სათამაშოები. გარდა ამისა, სათამაშოები, რომელთა გარეცხვა და დეზინფექცია შეუძლებელია, მოხმარებიდან უნდა ამოიღონ.
საძინებელ ოთახებში, ბავშვების საწოლები უნდა განთავსდეს ერთმანეთის მოპირდაპირედ, რათა შეინარჩუნონ შესაბამისი დისტანცია.
სათამაშოები ყოველ დღე – ფუნჯის, საპნისა და სადეზინფექციო სითხეების გამოყენებით უნდა გაირეცხოს.