სოფელ ჩამძვრალას (ჩამდურა) მოსახლეობის გუშინდელ განცხადებაზე ადგილობრივი ხელისუფლება საპასუხო განმარტებას იძლევა. საკრებულოს დეპუტატი ანდრანიკ მურადიანი სოფლის მოსახლეობის სიტყვებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მის ქმედებებში მართლსაწინააღმდეგო არაფერი არ არის.
სოფელ ჩამძვრალას მოსახლეობის გუშინდელ განცხადებებზე საპასუხოდ,დღეს, საკრებულოს დეპუტატმა ანდრანიკ მურადიანმა, მის წინააღმდეგ ხრიკებში ოპოზიცია დაადანაშაულა და ცილისწამებისათვის გასამართლებით დაემუქრა. მან ასევე განაცხადა, რომ ქირა დედინაცვალზე კი არა, არამედ მის ძმაზეა გაფორმებული.
“იქირავა ჩემმა ძმამ. აიღო ოფიციალურად და კანონის თანახმად. მან ეს მიწა ხეების დარგვისა და ტყის სარტყელის აღდგენისათვის აიღო. მერიამ გადასცა, საკრებულოს 37 დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციიდან, დაამტკიცეს. ამ მიწაზე ყველა საქმის კურსშია, მოპარული არ არის. ეს მიწა ხეების დარგვის მიზნით აიღო. რაც შეეხება სხვა მიწებს- სადაა? დაამტკიცოს მათ, ვინც იცის ამის შესახებ. ყველა უკანონო მიწა მათ გააკეთეს, ვინც ინტერვიუ მოგცათ, უბრალოდ ჩემი თანასოფლელები არიან, ამიტომ არ ვამბობ არაფერს. ამ ხალხს ბევრი უკანონო მიწა აქვს. კომისიის მოხარული ვიქნები, მოვიდნენ და მიწები გამოითვალონ, ვისაც მეტი აქვს, გამოართვან. მე თანახმა ვარ, მივესალმები. თანასოფლელები არიან, ამიტომ სიბოროტის ჩადენა არ მინდოდა. ის, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, პრობლემა არ არის. მოვიდეს კომისია, რიგრიგობით შეამოწმოს დოკუმენტები. ეს არის ჩემი სათქმელი”,- განაცხადა ანდრანიკ მურადიანმა.
პროტესტის დროს მოსახლეობამ თქვა, რომ წერილები სხვადასხვა ინსტანციაში გააგზავნეს, მათ შორის გუბერნატორს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე წერილები გაგზავნილი იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა დაადასტურა, რომ მოსახლეობის წერილს პასუხი დაუბრუნა.
“ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით, მერიამ ამ საკითხით მოგვმართა, და საკრებულოს სხდომის დროს დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირეს. რადგან მერიამ ეს გააკეთა, მაშინ მათ დასაბუთება აქვთ, და ტყის სარტყელი არა ტყის მეურნეობის, არამედ მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. რამდენადაც მახსოვს, ამ მონაკვეთში ხეების დარგვაზე იყო საუბარი, როგორც ვიცი, ხეხილი უნდა დაერგოთ. სოფლის მოსახლეობამ წერილით მოგვმართა, და ჩვენ ვუპასუხეთ”,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი.
ახალქალაქის მერის იურიკ უნანიანის თქმით, ამჟამად მერია ჩამდურის მოსახლეობის განცხადებას განიხილავს და, აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარ შეცდომასაც გამოასწორებს, თუ ასეთი შეცდომა არსებობს.
“რაც მათ თქვეს, ალბათ არასწორია, რადგან ეს ტყე 90-იან წლებში დაიჩეხა. მიწის ამ ნაკვეთთან დაკავშირებით ჩვენ მოგვმართეს, რათა მიგვექირავებინა, ეს საკრებულოსთან იყო შეთანხმებული, მაგრამ საუბარი იყო ქირაზე და არა პრივატიზირებაზე. არის კოლექტიური განცხადება პრემიერ-მინისტრის სახელზე. სოფლის მეურნეობის მინისტრის სახელზე ჩემი სახელით დაიწერა, დაწერილია საკრებულოს თავმჯდომარის და გუბერნატორის სახელზეც. ამჟამად არ მახსოვს, უნდა გადავხედო დოკუმენტებს და კონკრეტული სახელები დავასახელო. მე განკარგულება გავეცი, რომ შეამოწმონ, განცხადება განხილვის სტადიაზე იმყოფება. ვნახოთ თუ არის რამე უზუსტობა. ჩვენ შეგვიძლია ამის გამოსწორება- ეს პრობლემა არ არის”,- თქვა ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა.
თითოეული მხარის ცნობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ყველა გარემოების განსახილველად JNEWS–ი ორივე მხარის ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოთხოვნებს გააგზავნის და მკითხველს წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ლ სექტემბერს, სოფელ ჩამძვრალას (ჩამდურა) მოსახლეობა მიტინგზე გამოვიდა. მიტინგის ძირითადი მიზეზი, კარწახის მხარეს მიმავალ გზასთან მდებარე მიწებია. სოფელთან არსებული ტყის სარტყელი დაჩეხეს და სახნავ მიწებად აქციეს, ხოლო შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ახლობელს მიაქირავეს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ერთ წელიწადში, დეპუტატმა, მესაკუთრის გარეშე დარჩენილ ყველა მიწას პრივატიზაცია გაუკეთა, მაშინ, როდესაც სოფლის მოსახლეობას საკუთარი სახნავი მიწების პრივატიზირება არ შეუძლია.
ჩანდურელები დეპუტატს მიწების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ