“მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.
„საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.
„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.