დღეს, 1-ლ სექტემბერს, სოფელ ჩამძვრალას (ჩამდურა) მოსახლეობა მიტინგზე გამოვიდა. მიტინგის ძირითადი მიზეზი, კარწახის მხარეს მიმავალ გზასთან მდებარე მიწებია. სოფელთან არსებული ტყის სარტყელი დაჩეხეს და სახნავ მიწებად აქციეს, ხოლო შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ახლობელს მიაქირავეს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ერთ წელიწადში, დეპუტატმა, მესაკუთრის გარეშე დარჩენილ ყველა მიწას პრივატიზაცია გაუკეთა, მაშინ, როდესაც სოფლის მოსახლეობას საკუთარი სახნავი მიწების პრივატიზირება არ შეუძლია. ჩანდურელები დეპუტატს ასევე მუქარაში და მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, თუ ისინი არჩევნების დროს “ქართულ ოცნებას” არ დაუჭერდნენ მხარს.
დღეს შუადღისას, დაახლოებით 100 მცხოვრები შეიკრიბა გზასთან რომელიც, ერთი მხრიდან მათი სოფლისაკენ მიდის, ხოლო მეორე მხარიდან სოფელ კარწახში მიმავალ გზასთან გადის. მიტინგის მიზეზი- ტყის სარტყელია, რომელიც, სოფლის მოსახლეობის თქმით, 2 წლის წინ კაკლის ხეების დარგვის მიზნით დაჩეხეს, თუმცა შემდეგ, სახნავ მიწად აქციეს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ანდრანიკ მურადიანის ასაკოვან დედინაცვალს მიაქირავეს.
3 ჰექტარი და 4 მეასედი მიწა, 49 წლით, ასაკოვან ქალბატონს მიაქირავეს. იმისათვის, რომ ამ საკითხს ყურადღება მიექცეს, სოფლის მოსახლეობამ ერთ თვეზე მეტია, რაც 5 ინსტანციას მიმართა, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, გუბერნიას და პრემიერ-მინისტრს. მათი თქმით, პასუხი მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა გასცა, რომელმაც სთქვა, რომ აღნიშნული ქმედება კანონის ფარგლებში ხორციელდება.
“ჩვენ საჩივრით საკრებულოს მივმართეთ. ბატონმა ირიციანმა არ გვიპასუხა. ჩვენ გვინდოდა გვცოდნოდა, თუ როგორ მოხდა ეს. როგორ აქციეს ტყის სარტყელი 3 ჰექტარ სახნავ მიწად? და თუ როგორ მისცეს მიწა ზუსტად იმ ხალხს, რომლებსაც სოფელში ყველაზე მეტი მიწა აქვთ? მათ არანაკლებ 30 ჰექტარის მიწა აქვთ პრივატიზირებული. ჩვენ კი ჩვენი მიწების პრივატიზირება არ შეგვიძლია, ისინი დეპუტატები არიან, ყველაფერი შეუძლიათ? მათ დაარეგისტრირეს ყველა მიწა, რომელსაც სხვა ადამიანები ვერ იმტკიცებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეკუთვნის, აღარ ვსაუბრობ იმ მიწებზე, რომლებიც მესაკუთრის გარეშეა, ერთ წელიწადში ყველაფერი გაიფორმეს. ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მივმართეთ გუბერნატორს, პრემიერ-მინისტრს- არავითარი პასუხი არ არის”,- ამბობს ჩამდურას მცხოვრები.
მოსახლეობა თვლის, რომ დეპუტატმა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მესამე პირების მეშვეობით, შეძლო საკუთარ სახელზე მიწების დარეგისტრირება, რადგან ის მმართველი პარტიის დეპუტატის ენზელ მკოიანის ახლობელია.
“გზასთან მდებარე მიწები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველი პარტიის დეპუტატის დედინაცვალს გადაეცა. ქალბატონი თითქმის 80 წლისაა. თუკი ისინი დეპუტატები არიან, ყველაფერი შეუძლიათ. ვინ ეხმარება მათ? – ენზელ მკოიანი. დეპუტატი- პირადად მისი კაცია. საიდან არის ადამიანი, ვისზეც გაფორმებულია მიწა? ჩვენი სოფლიდან არ არის. არც ოჯახი ჰყავს, არც შვილები, ვითომ ვისთვის აიღო ეს მიწები 80 წლის ასაკში?”,- თქვა სოფლის მცხოვრებმა.
ბევრი ჩიოდა იმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი მიწების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.
“მე 95 წლიდან ვქირაობდი მიწას, მაგრამ პრივატიზაცია მაინც ვერ მოვახერხე. ეს მიწები მათ რატომ მიისაკუთრეს? 100-ჯერ მივმართე. ასე როგორ გამოვა, ჩვენი სოფლის მოსახლეობისთვის მიწების დარეგისტრირება პრობლემაა, ხოლო მათ ეს მიწები მარტივად დაურეგისტრირეს, როგორ? მათ თუ აქვთ მაფია, კლანი, ყველაფერი კლანში წყდება, ხო? ერთს შეუძლია, მეორეს არა? სადაც არ უნდა ვიყოთ, მომსახურების სფეროში მომუშავე პირები ნორმალურად არც გვესაუბრებიან”,- ამბობს ჩამდურას მოსახლეობა.
მოსახლეობამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მისული არცერთი დეპუტატი არ დახმარებია მათ.
“ვაჩიანთან 5 მეასედი მიწა გვქონდა, ყველანაირი დოკუმენტი მქონდა, აეროგადაღებაც. რეესტრში განცხადება შევიტანეთ, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ კანონით ტყის სარტყელის გაქირავება და მითუმეტეს, გაყიდვა არ შეიძლება. მე ამას მხოლოდ 2 თვე ვაკეთებდი. მაგრამ მან 3,5ჰა მიწა 49 წლით იქირავა”,- ამბობს ჩამდურას მცხოვრები.
ბევრი თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მათ მმართველ პარტიას მისცენ ხმა.
“პრივატიზაციის პროცესი დღეს როგორ ხდება? მერიის ეკონომიკურ განყოფილებაში მიდიხარ. თუ ეს ადამიანი – მათი ადამიანია, მაშინ არჩევნების დროს მის დამსახურებებს ითვალისწინებენ. ხოლო პრინციპულ ადამიანებს, რომლებმაც ხმა იმას მისცეს, ვისაც უნდოდათ, პრობლემებს უქმნიან. კონკრეტულად მე შემიქმნეს პრობლემები. თუ მათი ადამიანი ხარ, 5 წუთში ყველაფერს გიკეთებენ”,- ამბობს სოფლის მცხოვრები.
ჩამდურას მოსახლეობა ეჭვობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კერძოდ სოფელში მერის წარმომადგენელმა ფედორ თოროსიანმა და სპეციალისტმა ვლადიმირ ჟამკოჩიანმა – თითქოს და არ იცოდნენ, რომ ტყის სარტყელი სახნავ მიწად აქციეს და გააქირავეს. თუმცა, მიტინგზე მოსულმა სპეციალისტმა ვლადიმირ ჟამკოჩიანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არ იცოდა.
“მიწების გაქირავების შესახებ თვენახევრის წინ შევიტყვე. ამის შესახებ მე არ მითხრეს. როგორ შეიძლება ამ მიწის გაქირავება ვინმეს გაფრთხილების გარეშე – ვერ გეტყვით. ეს შეგიძლიათ მერიაში დააზუსტოთ. მათ უკვე იციან. არავინ არ დამეკითხა, ხელი მე არ მომიწერია, და მოსახლეობას არავინ აცნობა. მე ახლახან დავურეკე მერს, მან მითხრა, რომ განცხადება მიუვიდა. და ისინი ამ საქმეს განიხილავენ”,- კომენატრი გააკეთა ვლადიმირ ჟამკოჩიანმა.
როგორც სოფელ ჩამძვრალას (ჩამდურა) მოსახლეობა ამტკიცებს, საკრებულოს დეპუტატი ანდრანიკ მურადიანი მიწის პრივატიზაციისათვის მესამე პირებს იყენებს, რომლებმაც ამის შესახებ არ იციან.
“ჩვენს სოფელში მიწები სოფელ კაჯოს მცხოვრებლებსაც დაურეგისტრირეს, რომელიც ამ სოფელთან არავითარ კავშირში არ არის. კაჯოს მცხოვრებს დაურეგისტრირეს, მაგრამ ჩვენ არა. რა მიზეზით? მან არც კი იცოდა, რომ მასზე მიწაა დარეგისტრირებული. მე მერს მივმართე, მან მითხრა “თქვენს სპეციალისტს ჰკითხეთო”. ყველა ამბობს “ჩვენ არ ვიცითო”. ამ საქმეზეც ვიკითხეთ – არავინ იცის. როგორ არ არიან საქმის კურსში? აუქციონზე უნდა გამოეტანათ, ხალხს არ უნდა სცოდნოდა?!”,- ამბობს ჩამდურას მცხოვრები.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მზად არიან ამ ადგილას ხეები დარგოს, თუკი ქირის გარიგებას გააუქმებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მთელი მსოფლიო ხეებს რგავს, ხოლო აქ პირიქით ხდება, ეს კი დანაშაულია. მოსახლეობა სამართლიანობას და დამოუკიდებელ კომისიას მოითხოვს.
“დამოუკიდებელი კომისია შექმნან, რათა მათ შთამომავლობის არ შერცხვეთ, რისთვის ცხოვრობდნენ ისინი? იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიჯიბონ? ისინი სხვა არაფრისთვის მუშაობენ. დეპუტატი ამბობს, 4 წელი ვიმუშავებ, რა მიზანიც მაქვს, მივაღწევ და წავალ. მან უკვე დაუმიზნა იმ მიწებს, რომლებსაც სხვები ვერ არეგისტრირებენ, ვისაც დოკუმენტები არ აქვს. ჩვენ ყველა პრობლემის წინაშე ვდგავართ”,- ამბობს მცხოვრები.
JNEWS-ი თვალყურს ადევნებს მოვლენების განვითარებას და დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.