გუშინ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ჯავახეთის მრავალი კურსდამთავრებული მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, რათა გაერკვია, თუ როგორ გააგრძელებდა სწავლას, ფასიან თუ უფასო სექტორზე.
წელს საქართველოში სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. 6550 სტუდენტმა სახელმწიფო გრანტი მიიღო.
უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების აქტიურობა გაიზარდა. ახალბედა სტუდენტები ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ და აღნიშნავენ, თუ ვინ რომელ უნივერსიტეტში მოხვდა.
როდესაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გულალისიდან ვიოლეტა სარგსიანმა შეიტყო, რომ უფასო სექტორზე გაარძელებდა სწავლას, სიხარულისგან ტელეფონი გატეხა.
“ვიცოდი, გამოცდის შედეგები რომელ საათზე უნდა გამოქვეყნებულიყო. ახალქალაქში ვიყავი, ინტერნეტ პაკეტი გამომელია, ჩემს საქმეებზე იუსტიციის სახლში მივედი, პასუხის გასაგებად საიტზე შევედი და როდესაც დავინახე, რომ უფასო სექტორზე მოვხვდი, სიხარულისგან ვიყვირე და ტელეფონი ხელიდან გამივარდა, ყველა გამოცვივდა და მეკითხებოდა, რა მოხდაო. ვერც კი აღვწერ, როგორი ბედნიერი ვარ”, – თქვა ვიოლეტამ, რომელიც სიხარულს ვერ მალავდა.
ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამიდან ჟანა ჩოგანდარიანი, მის საყვარელ უნივერსიტეტში – თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. საბიუჯეტო სექტორზე მისი მოხვედრის შესახებ მან თავის Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაღალი ქულები მივიღე, იმედი მქონდა, რომ უფასო სექტორზე მოვხვდებოდი, მაგრამ იმის დანახვა და დარწმუნება, რომ 100% თავისუფალი ხარ, აბსოლუტურად აუღწერელი სიხარულია. ჩემი სიხარული გაორმაგდა, როდესაც დავინახე, რომ სასურველ უნივერსიტეტში ვისწავლი”, – ამბობს ჟანა.
ირმა მელქონიანს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ძალიან გაუხარდა, რომ მისი გულმოდგინე სწავლა უშედეგო არ ყოფილა.
“ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ სწორედ იმ უნივერსიტეტში მიმიღეს, სადაც ძალიან მინდოდა სწავლა. ეს ჩემი მუშაობის შედეგია, ჩემმა მეცადინეობებმა გაამართლა. მოსამზადებელი კურსის შემდეგ, სავარაუდოდ, სწავლას ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაგრძელებ”, – ამბობს ირმა.
გუშინდელი დღიდან მოყოლებული ლინდა მიქელაძე განიცდიდა იმას, თუ რომელ უნივერსიტეტში იქნებოდა ჩარიცხული.
“გამოცდის შედეგების გამოქვეყნებას ველოდი. როდესაც დრო მოვიდა, გადავწყვიტე გადამეხედა, მაგრამ ბრაუზერმა შეცდომა დაუშვა და საიტზე არ შემიშვა. ძალიან ცუდად ვიყავი, ვფიქრობდი რატომ არ იხსნება ნეტავ. რამდენჯერმე ვცადე და ბოლოს საიტზე შესვლა შევძელი, მაგრამ იქ არ ჩანდა, თუ რომელ უნივერსიტეტში ჩავირიცხე. მაშინ მეგონა, რომ არ ჩავირიცხე, მაგრამ შემდეგ გვერდი გაიხსნა და დავინახე, სადაც მოვხვდი და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვისუნთქე”,- ამბობს ლინდა მიქელაძე.
ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე სტუდენტები გახდნენ, სურთ სასწავლო წელი უნივერსიტეტებში დაიწყონ და არ ისწავლონ დისტანციურად.