სოფელ ბუზავეთში ბევრი პრობლემაა- ბუნებრივი აირისა და წყლის პრობლემა ისევე, როგორც მშიერი უსახლკარო ძაღლების ხროვა, რომელიც მცხოვრებლებს თავს ესხმის. მოუგვარებელი პრობლემები და ცხოვრების ცუდი პირობები სოფლიდან დიდი მიგრაციის მიზეზი გახდა, რაც დღემდე გრძელდება.
ბუზავეთის მოსახლეობა თვლის, რომ მათი სოფელი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის უჩინარია, რასაც სოფელ ბუზავეთში და აბულში მიმავალ გზაზე სამი სოფლის გზაჯვარედინზე ნიშნულების არარსებობაც ადასტურებს. საბედნიეროდ, სოფელ კარტიკამის შუა ცენტრამდე ასფალტირება გაკეთებულია. როგორც ბუზავეთის მოსახლეობა ამბობს, მათი სოფელი იმ ვაჭრებისთვისაც კი შეუმჩნეველია, რომლებიც სოფლებში დადიან და საქონელს ყიდიან. ტაქსით იქ მისვლა 20 ლარით არის შესაძლებელი, თუმცა ყველა ტაქსისტი არ არის მზად საკუთარი მანქანა ასეთ ქვიან გზაზე გააფუჭოს. ჩვენ მისვლამდე ერთი დღით ადრე სოფლამდე გზა ხრეშით გაასწორეს, თუმცა სოფლის შიგნით გზები საშინელ მდგომარეობაშია.
კარტიკამი-ბუზავეთი-აბული-თახჩას გზაჯვარედინი ყოველგვარი მანიშნებლის გარეშე
სოფელში მიმავალი გზა თვალწარმტაცია- ერთი მხრიდან კლდეები და ტყეები, მეორე მხრიდან- გაყვითლებული მდელოები. აქ ბევრი ტყეა, ბევრია მოტეხილი ხეც, რომელიც უბრალოდ დავარდნილია და წვიმისა და მზის ქვეშ ლპება. როგორც სოფლის მოსახლეობა ყვება, ამ ხეების სახლში წაღება არ შეიძლება, ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა, თუმცა ზამთარში შეშაზე მოსახლეობას უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს.
“დავწერეთ განცხადება, რათა ბუნების დაცვამ, ტყეში დავარდნილი ხეების წაღებაზე ნება დაგვრთოს. უკვე 15 წელია სოფლის მოსახლეობას არ შეუძლია ამ ხეების წაღება, ისინი ლპება, მაგრამ ხალხი მას ვერ იყენებს და ამავდროულად, სოფელში ბუნებრივი აირი არც კი გვაქვს. სახელმწიფო, უახლოეს მომავალში, სოფელ თახჩასა და აბულში ბუნებრივი აირის გაყვანას დაგვპირდა. ბუნებრივი აირის გარეშე მხოლოდ ბუზავეთი დარჩება. უკვე ვიყიდე 600 ლარით ორი რიგი შეშა, გარდა იმისა, რომ წივა გვაქვს. როდესაც მივმართავთ, რომ ბუნებრივი აირი გაგვიყვანონ, გვეუბნებიან, რომ სოფელი პატარაა და სოფლამდე ბუნებრივი აირი გაყვანას არ ეყოფა. მგონი გაყვანისთვის 30-35 000 ლარის შეგროვება გვთხოვეს სოფელში. ანუ, თითოეულმა ოჯახმა 1000 ლარი უნდა შეაგროვოს. ამის გაკეთება რთულია, ძალიან ბევრი მარტოხელა მოხუცი გვყავს, 1000 ლარიც არ არის პატარა თანხა”,- ყვება ბუზავეთის მცხოვრები ედგარ ტოსუნიანი.
სოფლის ყველა მცხოვრები ერთპირად აღნიშნავს, რომ სოფლის პრობლემა- ეს არის წყალი, ბუნებრივი აირის არარსებობა და საძოვრების საკითხი.
“ტყეში ხეებია, მაგრამ ჩვენ ვერ ვბედავთ სახლში წამოღებას. 2000 ლარით აჯარიმებენ. ვის აქვს იმდენი ფული, რომ გაბედოს? თუკი მომცემთ 2000 ლარს, ვცდი. ჩვენ მერიაში მივედით, მაგრამ არ შეგვიშვეს. 2 ადამიანი შევიდა, დაწერა განცხადება. დღემდე პასუხი არ არის. წელს შემოსავალიც არ გვაქვს, საზღვარგარეთ ვერ წავედით, არ ვიცით, როგორ უნდა ვიცხოვროთ”,- ამბობს არტიუშ ბიჩახჩიანი.
კარტოფილს ამ სოფლებში ცოტას თესავენ. მთიანი ადგილია, სათესი მიწა ცოტაა. საქონელიც ახლა უფრო ცოტა ჰყავთ, რადგან საძოვრების გარდა, წყალსაცავის პრობლემაც არის- მთის ტბები შლამით იფარება. მოსახლეობის თქმით, მთელ სოფელში 90 სული საქონელია, თუმცა ადრე 170 იყო.
სოფელში 35 სახლია, თუმცა, როგორც ასაკოვანი მცხოვრებლები ამტკიცებენ, როდესღაც 180 ყოფილა. ბუზავეთის მოსახლეობა ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ქალაქ ანაპაში, ემიგრირებს. ბევრ სახლში მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ.
“სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა არის ბუნებრივი აირისა და წყლის არარსებობა. გუშინ გაასწორეს გზა. წინ არჩევნებია. წყალგაყვანილობა, რომელიც 2020 წლამდე უნდა გაეყვანათ, არ არის. ენზელ მკოიანი დაგვპირდა, ჩვენ არჩევნებზე ხმა მივეცით. არაფრით გვეხმარებიან. წყალი გაიყვანეს, ტენდერი მოიგეს, თანხა აიღეს, მაგრამ მილები სულ სკდება, რადგან უხარისხოა. როგორც კი წნევა მატულობს- ან პირველი მილი სკდება, ან მეორე. ჩვენ უბრალოდ დავიღალეთ ამოთხრითა და შეკეთებით, უკეთესია თავიდან გაკეთდეს”,- ამბობს სოფლის მცხოვრები, ალბერტ მანუკიანი.
წყალი ამ ადგილას ხშირად წყდება
როგორც მოსახლეობა ამბობს, წყალსაცავშიც პრობლემაა. ადგილობრივები თვითონ ასუფთავებს მას მწერების, ვირთხებისა და ბაყაყებისგან. მათი თქმით, წყალს დაქლორვა უკვე დიდი ხანია არ უკეთდება. როგორც ბუზავეთელები ამბობენ: “პირბადეებით დავდივართ, კორონავირუსისგან ვიცავთ თავს, მაგრამ კუჭში ქოლერა გვაქვს”.
ამ ადგილებშიც არის პრობლემა, რომელიც საქართველოს სხვა ადგილებიდან საქონლის გადარეკვასთან არის დაკავშირებული.
“როდესაც ისინი ნახირს საძოვრებზე უშვებენ, ჩვენ კორექტულად ვუხსნით, რომ არ შეიძლება, რადგან ჩვენ უნდა მოვთიბოთ. ისინი ვიღაცას ურეკავენ, არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ორგანოს. იქიდან გვაშინებენ, რომ თავი დავანებოთ, “თორემ თქვენ დაგვაკავებენ და დაგაჯარიმებთ”. წელს სოფლის მოსახლეობამ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხა. შეიძლებოდა ამის მოთიბვა და ერთი დაპრესილი თივის 8 ლარად გაყიდვა. 100 დაპრესილი თივა რომ გაგვეყიდა, რომელიმე პრობლემას მოვაგვარებდით. დღესდღეობით საქონლის ნახირს ჩვენს საძოვრებზე აძოვებენ, და ჩვენ ვერავის ვერ ვუჩივით”,- ამბობს ბუზავეთის მცხოვრები.
საძოვრების ამ ნაწილით, საქონლის გადამრეკები საქართველოს სხვა ადგილებიდანაც სარგებლობენ
სოფელში 8 წლიანი სკოლაა. უფროსკლასელები სკოლაში მეზობელ სოფელ კარტიკამში დადიან. სოფელში საბავშვო ბაღიც არ არის- სკოლამდელი ასაკის 6 ბავშვია. მშობლებს ისინი მეზობელ სოფელ კარტიკამში საკუთარი სახსრებით დაჰყავთ. სოფელში დარწმუნებულნი არიან, რომ რადგან 35 ოჯახისათვის არ უნდათ ხარჯის გაღება და ბუნებრივი აირის გაყვანა, არც 6 ბავშვისთვის ააშენებენ საბავშვო ბაღს. “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხით გასულ წელს მხოლოდ კლუბის კედლები გაარემონტეს, ხოლო სოფლის გულშემათკივრებმა სახურავის გაკეთება დააფინანსეს. წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით გამოყოფილი თანხა სოფლის განათებაზე დაიხარჯება.
ადგილობრივების თქმით, ამით პრობლემები არ მთავრდება. 3-4 წლის წინ სოფლის მახლობლად უსახლკარო ძაღლების ხროვა გაჩნდა. ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით სოფლის უფლებამოსილმა პირმა მიმართა, თუმცა ეს პრობლემაც ვერ მოგვარდა. ზამთარში გარეული ძაღლების მშიერი ხროვა სოფლის მოსახლეობას ესხმის თავს. გარდა ამისა, სოფელში მგლები, და მელიები ჩამოდიან.
მოსახლეობამ იმედი დაკარგა. მათ არც წინასაარჩევნო დაპირებების სჯერათ, რომელსაც ყოველთვის ან ერთი, ან მეორე მთავრობა აკეთებს.
“4 წლის განმავლობაში ბუზავეთისათვის არაფერი გაკეთებულა. ახალგაზრდობა სოფლიდან გარბის, ხალხის არსებობისათვის არავითარი პირობა არ არის. ყოველთვის გვპირდებოდნენ, რომ ყველაფერი იქნება. და არაფერი გაკეთებულა. ყველაფერი ისევ ისეა. მოსახლეობას აღარავისი სჯერა. ჩვენ 120ჰა ტყე გვაქვს, და ამჟამად მე ვიხდი 1200-1500 ლარს, რათა ზამთრისათვის შეშა ვიყიდო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა უნანიანთანაც (ახალქალაქის მერი), გვითხრა: “მოვალთ, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ”. მაგრამ არაფერი გაკეთებულა”,- ამბობს კარლენ მარუქიანი.
სოფლის უფლებამოსილი პირი არტურ დუმანიანი ამბობს, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს მათ მოგვარებას.
“შეშის საკითხთან დაკავშირებით მერთან ვიყავით, მან გვითხრა განცხადება დავწეროთო, დავწერეთ და შევიტანეთ, გავაგზავნეთ თბილისში, ვნახოთ, როდის იქნება პასუხი. ეს ერთი თვის წინ იყო. მერმა თქვა, რომ შეძლების დაგვარად დაგვეხმარებიან, რომ მოსახლეობას გვერდში უდგანან. რაც შეეხება წყალსაცავ აუზს, ამ საკითხით ჯერ არ მიგვიმართავს, ჩვენ მას თავად ვასუფთავებთ ხოლმე. რაც შეეხება განათებას, მე ხარჯთაღრიცხვა ვნახე, იქ პროცენტები იყო. თავიდან იყო 17, შემდეგ 12-ით შეცვალეს. უკვე ვამონტაჟებთ»,- ამბობს არტურ დუმანიანი.