ახალქალაქში წინასაარჩევნო პროცესისათვის მზადება პარტიებმა უკვე დაიწყეს, და ამას ყველა თავისებურად აკეთებს. ახალქალაქის ქუჩებში პოსტერები გაჩნდა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ახალქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” კანდიდატის სამველ მანუკიანის პატარა პოსტერები გაიკრა. 26 აგვისტოს, მმართველი პარტიის შტაბი შენობის ფასადზე კანდიდატის პორტრეტიც ჩამოიკიდა. სამველ მანუკიანის პლაკატი ახალციხის მხრიდან ახალქალაქის შემოსასვლელში, ბილბორდებზეც გაჩნდა. როგორც “ქართული ოცნების” შტაბიდან შეგვატყობინეს, პლაკატები კიდევ იქნება.
“ჩვენ ამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გავაკეთებთ. ანუ, “თეგეტა მოტორსს” აქვს სარეკლამო ფარი. თუკი ისინი დღეს ჩვენთან ხელშეკრულებას დადებენ და ბილბორდის გამოყენებაზე შევთანხმდებით, პლაკატს ჩამოვკიდებთ. ჩვენ მათგან პასუხი არ მიგვიღია, ამიტომ ზუსტ რაოდენობას ვერ ვასახელებთ”,- უპასუხეს “ქართული ოცნების” შტაბიდან JNEWS-ს.
ახალქალაქის უკვე ცნობილ, ოპოზიციურ კანდიდატებს საკუთარი სააგიტაციო პლაკატები ჯერჯერობით არსად არ ჩამოუკიდიათ.
“ჯერჯერობით არაფერი არ არის. ველოდებით, ამბობენ ტიპოგრაფია ან დღეს, ან ხვალ დაბეჭდავს. ეს საკითხი ამ დღეებში მოგვარდება”,- თქვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, მელიქ რაისიანმა.
სხვა კანდიდატებმა ვერ მოასწრეს შეთანხმება ბილბორდებზე, რაც ქალაქში არც არის ბევრი.
“როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ვერ მოასწრეს ბილბორდების გამოყოფა. ჩვენმა პარტიამ მიმართა, რაზედაც მათ უთხრეს, რომ ბილბორდები უკვე დაკავებულია, მაშასადამე, დაკავებულია მთავრობის მიერ – ამას როგორც პრეტენზიას არ ვამბობ. ჩვენ მივმართეთ ბილბორდებთან დაკავშირებით, რომლებიც ქალაქის ცენტრში ან შემოსასვლელშია მოთავსებული. სხვა პლაკატები უკვე მზად არის, ოფისშია. მალე დავკიდებთ, მათ შორის სოფლებშიც”,- თქვა “ევროპული საქართველოს” პარტიის კანდიდატმა, არსენ კარაპეტიანმა.
ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდი 1-ლ სექტემბერს იწყება, ხოლო არჩევნები 31 ოქტომბერს შედგება.