იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა მხოლოდ ქალსა და კაცს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ქორწინებიდან გასულია, 1 წელი ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ამავე პერიოდის განმავლობაში. მინისტრის ბრძანებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოყვა. უფლებადამცველები ამ დადგენილებას დისკრიმინაციულად აფასებენ.

თეა წულუკიანის ბრძანებაში ვკითხულობთ:

“ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა)”.

გავრცელებული მოსაზრებით, მინისტრის ბრძანება მარტოხელა ქალებს ინ ვიტრო განაყოფიერებით შვილის ყოლის შანსს ართმევს, რასაც სამინისტროში უარყოფენ. მათი თქმით შეზღუდვა, ეს არა ინ ვიტრო განაყოფიერებას, არამედ სუროგაციას ეხება.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ in vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია”, — წერია იუსტციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტა მინისტრმა სუროგაციის გზით შვილის გაჩენის საკითხების გართულება და დარეგულირება, უწყებაში ამას ბავშვებსა და დედებზე ზრუნვით განმარტავენ. მათივე მტკიცებით, მიზნად აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის პრევენცია მოხდეს.

“ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება (“სუროგატი დედა”)”. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან”, — აცხადებენ უწყებაში.

ბრძანების დისკრიმინაციულ ხასიათზე კრიტიკის პასუხად უწყებაში აცხადებენ, რომ სუროგაციის გზით ბავშვის აყვანა აქამდეც მხოლოდ ქალსა და კაცს შეეძლო. მათივე თქმით, დაზუსტების მიზანია ის, რომ წყვილს ბავშვის აღზრდის “გრძელვადიანი მიზანი ჰქონდეს” და ქორწინება არ იყოს ფიქტიური.

“2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა. კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის. ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც”, — აცხადებენ უწყებაში.