საქართველოში გლოვის დღეა. შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად 25 აგვისტო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შესაბამისი დადგენილება გუშინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსცა, რომლის თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც შატილის გზაზე 23 აგვისტოს, საღამოს მოხდა, 17 ადამიანი დაიღუპა, 3 მძიმედ დაშავდა. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მაშველებმა ყველა გარდაცვლილის ცხედარი ხევიდან ტრაგედიის დღესვე ამოიყვანეს. მიკროავტობუსი ჯიპს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე სატრანსპორტო საშუალება ხევში 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლით დაიწყო.