ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ სულდაში საბავშვო ბაღის განახლებისთვის თანხა მესამედ გამოყო. თუმცა, სოფლის საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში სკოლამდელი ასაკის დაახლოებით 40 ბავშვია, ბავშვების მშობლები ჩივიან, რომ სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორი წლის წინ დასრულდა, მაგრამ საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.
წელს საკრებულომ გამოყო 19 675 ლარი, რომელიც შენობაში არსებულ წყლის პრობლემას გადაჭრის და სათბობში ღუმელი იქნება შეძენილი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ სულდაში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა 2018 წელს გადააკეთეს, მაგრამ წყლის და გათბობის გაყვანილობის არარსებობის გამო საბავშვო ბაღი არ გაიხსნა. 2019 წლის 9 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც შენობაში არსებული წყლის პრობლემის გადასაჭრელად და სათბობში ღუმელის შესაძენად 12,500 ლარი გამოიყო.
სოფელ სულდაში მერის წარმომადგენლის ზარზანდ კუჯოიანის თქმით, გასულ 2019 წელს საბავშვო ბაღში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა.
”საბავშვო ბაღში იატაკის საფარი რამდენიმე ადგილას შეიშუპა, აუცილებელია მისი შეკეთება, ასევე უნდა მოხდეს ტუმბოების და ცისტერნების დაყენება, რომლითაც საბავშვო ბაღს წყალი უნდა მიეწოდოს. ასევე სათბობისთვის უნდა ვიყიდოთ ღუმელი”- ამბობს ზარზანდ კუჯოიანი.
იმის გასარკვევად, თუ აქამდე რატომ არ ფუნქციონირებს ეს შენობა და სად დაიხარჯა 12,500 ლარი, ახალქალაქის მერის მოადგილეს არმენ მარანგოზიანს მივმართეთ.
მარანგოზიანის თქმით, გასულ წელს გამოყოფილი თანხა ყველა ამ სამუშაოებისთვის საკმარისი არ იყო, რის გამოც რემონტი არ იყო დაწყებული.
”გასულ 2019 წელს გამოყოფილი თანხა სხვა საჭიროებებზე დაიხარჯა, რადგან სოფელ სულდის საბავშვო ბაღისთვის საკმარისი არ იყო”, – ამბობს არმენ მარანგოზიანი.
მისი თქმით, წელს გადაწყდა 19,675 ლარის გამოყოფა, რათა სოფელ სულდაში არსებული საბავშვო ბაღის პრობლემა საბოლოოდ მოგვარებულიყო.
მუნიციპალიტეტი ყველა სამუშაოზე ტენდერს გამოაცხადებს, ხოლო გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს განახორციელებს.
იმისდა მიუხედავად, რომ უკვე მესამე წელია, რაც სოფელ სულდაში საბავშვო ბაღის რემონტზე თანხები გამოიყოფა, კვლავ უცნობია, თუ როდის დაიწყებს საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას. JNEWS-ი აღნიშნულ საკითხს დროდადრო დაუბრუნდება.