ზაფხულის დადგომასთან ერთად ჯავახეთში გველის ნაკბენის შემთხვევები ხშირდება. ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმ-ეპიდემიოლოგი გვირჩევს გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ვიყოთ მზად და გველის ნაკბენის შემთხვევაში სწორი პირველადი დახმარების გაწევა შევძლოთ.
ჯავახეთში გველების აქტიურობა მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე გრძელდება. ძალიან იშვიათია შხამიანი გველები, მაგრამ უშხამო გველები წელიწადის ცხელ დროს ხშირია, განსაკუთრებით სოფლებში, მინდვრებში, საძოვრებზე. გველები ქალაქში, ეზოსა და ბოსტნებშიც გვხვდება.
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოდან JNEWS-ს აცნობეს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარე 2020 წელს გველის ნაკბენის არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა. საავადმყოფოდან თქვეს, რომ ნაკბენის შემთხვევაში მათ გველის შხამის საწინააღმდეგო კომბინირებული შრატი აქვთ.
“გველის ნაკბენის დროს ხალხი აუცილებლად მიმართავს საავადმყოფოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება არ მიმართონ, მაგრამ გველის ნაკბენის შემთხვევაში აუცილებლად მოგვმართავენ რადგან ამის ძალიან ეშინიათ. მაგრამ ჩვენთან, საბედნიეროდ წელს გველის ნაკბენის არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა”,- ამბობს გაიანე ისპირიანი.
ექიმი გვირჩევს ფრთხილად ვიყოთ და გველის შემჩნევის შემთხვევაში არ გავიქცეთ, არ ვიყვიროთ და არ ვიტრიალოთ.
“გველი ხდება აგრესიული, თუ მოძრაობას ამჩნევს, ამიტომ შეხვედრისას გაჩერება და ნელ-ნელა უკან დახევაა აუცილებელი”,- ამბობს ის.
გველის ნაკბენის კვალი ადამიანის სხეულზე ერთი მიმართულებით ორ ერთმანეთისგან დაშორებულ წერტილს ჰგავს- ჭრილობები, საიდანაც სისხლი მოდის. ნაკბენის დროს ადამიანს ძლიერი ტკივილები აქვს. ექიმის თქმით, ნაკბენის განკურნების ალბათობის 40% პირველადი დახმარების გაწევაზეა დამოკიდებული.
გველის ნაკბენისგან დაზარალებული უმოძრაოდ უნდა რჩებოდეს და ჭრილობიდან შხამი პირით უნდა იყოს ამოღებული, მას ბევრი სითხე უნდა მიეცეს და საავადმყოფომდე მალევე უნდა იყოს მიყვანილი.
“გველის ყველა ნაკბენს, შხამიანს თუ უშხამოს, განვიხილავთ როგორც შხამიანს და პოტენციურად სახიფათოს. პირველი 30 წუთის განმავლობაში აუცილებელია რაც შეიძლება მალე პირველადი დახმარების გაწევა, და შეძლებისდაგვარად, ჭრილობიდან სისხლის ამოღება”,- ამბობს გაიანე ისპირიანი.
ექიმი გვირჩევს სახიფათო ადგილებში წასვლისას ვიყოთ შემზადებული- თან წავიღოთ ჩვეულებრივი ოყნა, რომელიც ჭრილობიდან სისხლის ამოღებაში დაგვეხმარება.
“უნდა მოვუჭიროთ და ჭრილობას დავადოთ, და ნელ-ნელა მოვუშვათ, ოყნა სისხლით ივსება და ასე გავიმეოროთ, გასუფთავებამდე”,- გვირჩევს ექიმი.