გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება, აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ამჟამად ასფალტირებულია გზის მონაკვეთი ჯიგრაშენიდან ნინოწმინდამდე.
ასფალტირების სამუშაოები სოფელ ჯიგრაშენთან მიმდინარეობს. ასფალტის დაგებასთან პარალელურად ხრეშის დაყრისა და გასწორების სამუშაოები სრულდება.
კომპანია “ჯავახ ავტო გზის” წარმომადგენლის თქმით, ამჟამად 4-5 ბრიგადა სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. გზა ქალაქ ახალქალაქიდან სოფელ ჯიგრაშენამდე უკვე ასფალტირებულია.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, ქალაქ ახალქალაქიდან გზის დაახლოებით 14კმ უკვე ასფალტირებულია, დარჩენილია დაახლოებით 4-5კმ. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდა გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ივლისში დაიწყო. ტენდერი 19 038 910 ლარით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 18 აპრილს იყო გამოცხადებული. ტენდერი მოიგო კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 14 749 992,92 ლარით, თუმცა სარემონტო სამუშაოებს კომპანია-ქვეკონტრაქტორი “ჯავახ ავტო გზა” ახორციელებს. საერთო ჯამში რეაბილიტირებული იქნება 16კმ გზა ახალციხე-ნინოწმინდა მაგისტრალის 86 კმ-დან 70 კმ-მდე.