საქართველოს საზღვართან “ზემო ლარსის” საკონტროლო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციას “საერთაშორისო კოოპერაცია და ექსპორტის” ეროვნული პროექტის ფარგლებში 2023 წლისთვის დაასრულებენ. 2021 წელს საკონტროლო გამშვები პუნქტის მოდერნიზებაზე თითქმის 2 მილიარდი რუბლი იქნება გამოყოფილი.
“ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის სამუშაოები- საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე იმყოფება, რომელიც სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყება 2021 წელს იგეგმება.
წინასწარი შეფასებით, 2021 წლისათვის გამოყოფილი იქნება 1,9 მილიარდი რუბლი”,- იუწყება რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს რეგიონის საგზაო მეურნეობის კომიტეტის პრეს-სამსახური და აღნიშნავს, რომ ამ სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.
ამჟამად საკონტროლო გამშვები პუნქტი საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მუშაობს- დღე-ღამეში დაახლოებით 4 ათასი ადამიანის გავლის შესაძლებლობით, საზღვარს 13 ათას ადამიანზე მეტი კვეთს. მსუბუქი ავტომობილების გამშვების ფაქტიური შესაძლებლობა საპროექტოზე 15-ჯერ მეტია, ხოლო სატვირთოებისა- სამჯერ. რეკონსტრუქციის გარდა აუცილებელია ახალი ინსპექტირებისა და შემოწმების კომპლექსის აშენება და გზის ორიდან ოთხ ზოლამდე გაფართოვება, რათა მოძრაობის ნაკადი სატრანსპორტო საშუალებების სახეობების მიხედვით გადანაწილდეს.
“ოპტიმალურია “კონტროლის ელექტრონული ტალონის” სისტემის ჩანერგვა, ასევე გამშვებ პუნქტთან კომფორტული ლოდინის ზონის შექმნა ელექტრონული რიგის სისტემის ჩანერგვით”,- განმარტეს პრეს-სამსახურში და დააკონკრეტეს, რომ ეს დაგვეხმარება საზღვარზე საცობები თავიდან ავიცილოთ. “ყაზბეგი- ზემო ლარსი”- ქართულ-რუსულ საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტია.