რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, თუ როგორ ეხება საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური ცვლილებები, Jnews.ge ფონდ “რონდელის” პოლიტოლოგს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

 

როგორია რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებები, რას აძლევს ეს ქვეყანას?

– ჩემი აზრით, ეს უფრო ფორმალური ცვლილებებია, ვიდრე რეალური. რუსეთი რჩება საპრეზიდენტო ქვეყნად და პრეზიდენტის ძალაუფლება ძალიან ძლიერია, ეს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად არ შეიცვლება.

პარლამენტი იღებს რომელიღაც კანონს, მაგრამ ამას სიმბოლური ხასიათი აქვს. თუ მანამდე, ხელისუფლება იქმნებოდა პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ, ახლა პრემიერ-მინისტრობის წარდგენილ კანდიდატურებს პარლამენტი დაამტკიცებს.
რუსეთის რეალობა კი ისეთი ვერ იქნება, რომ პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურა პარლამენტმა ჩააგდოს.
პარლამენტში პრეზიდენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რომელიც ლოიალურად არის განწყობილი პუტინის მიმართ.
ოპოზიციაც ფორმალურია. ისინი დიდი ხანია თამაშობენ, რაც რუსეთის ძალაუფლების ინტერესებში შედის. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არის ის, რომ ფართოვდება რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის საბჭოს უფლებები. ეს ორგანო 2020 წელს შეიქმნა, მაგრამ რამდენად აქტიურადაც არ უნდა ჩაერიოს რუსეთის ფედერაციის შიდა პოლიტიკაში, ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ 2024 წლამდე, ამ ორგანოს უფრო აქტიური როლი ექნება. პუტინს სახელმწიფო საბჭოში შეუძლია გადასვლა.

-ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის რუსეთის ფედერაციის მიმდინარე პრეზიდენტია, ამ ხერხით თუ გაახანგრძლივებს ძალაუფლებაში ყოფნას?

– ის არ აპირებს რუსეთის პოლიტიკიდან გასვლას და აქტიური პოლიტიკის ამა თუ იმ ფორმაში ყოფნას. ეს ცვლილებები გათვლილია რუსეთის ფედერაციის საშინაო პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლებაზე, საშინაო პოლიტიკის ცვლილებებზე ილუზიის შესაქმნელად, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის ძალაუფლება. რეალურად პარლამენტი, როგორც მანამდე, ახლაც ფორმალურ ხასიათს ატარებს.

– არსებობს მოსაზრება, რომ რეფერენდუმის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, რამდენად სწორია ეს?

– ისინი აპირებენ რეფერენდუმის განხორციელებას. ამჟამად პარლამენტში განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებები. როგორც ფედერალური საბჭოს ყოველწლიურ მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რეფერენდუმი დაინიშნება. კანონის თანახმად, კონსტიტუციის შეცვლა რეფერენდუმის გარეშეც შეიძლება. რეფერენდუმიც ​ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან ეს იქნება პუტინის მხარდაჭერის გამომხატველი, რომ მისი ინიციატივა ხალხისთვისაც მისაღებია.

– სახით აისახება თუ არა რაიმე სახით საქართველოზე რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებები?

– არავითარ შემთხვევაში. რუსეთის შიდა პოლიტიკა აგრესიულ ფორმას ატარებს საქართველოსთან მიმართებით, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. მთავარი მიზანია მოსკოვის ექსკლუზიური ძალაუფლების აღდგენა პოსტსაბჭოთა საზღვრებში, მათ შორის საქართველოშიც. თუკი რუსეთის პოლიტიკა ორიენტირებული იქნება შიდა პოლიტიკაზე, შიდა პოლიტიკის პროცესების დალაგებაზე, მაშინ საგარეო პოლიტიკისთვის ნაკლები დრო და რესურსი დარჩებათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესები დადებითად იმოქმედებს ჩვენზე. მაგრამ ეს ილუზიაა, რომ რუსეთი მის ძალაუფლებას შეასუსტებს.

– მაინცდამაინც ახლა, რატომ გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტმა ამ ცვლილებების განხორციელება?

– თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა რუსეთის შიდა პოლიტიკაში, როგორ კარგავდა მმართველი პარტია რეიტინგს და პოპულარობას და ამომრჩეველთა რიცხვი არჩევნებიდან არჩევნებამდე მცირდებოდა. უკანასკნელ არჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 50 %-ზე ნაკლებმა მიიღო, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამომრჩეველი, რომელიც სახლში რჩება და არჩევნებზე არ მიდის მეტ-ნაკლებად ოპოზიციურად არის განწყობილი. დღესდღეობით რუსეთის პოლიტიკაში ოპოზიციური პარტია არ არის, რომ შეკრიბოს ეს ამომრჩევლები ერთად მის გარშემო, მომავალში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.

– შესაძლებელია ნავალნის გააჩნდეს ეს ძალა?

ნავალნი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ არჩევნების შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ, ოპოზიცია ვერ მოხვდა პარლამენტში, მათ ადგილობრივ არჩევნებშიც არ აქვთ შედეგები. მეორე ინდიკატორია – რუსეთის მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიზარდა, მაგრამ რუსეთში, მაინც არ არის დიდი პროტესტი. ეს პროცესები მაინც რჩება იმ ფარგლებში, რაც სახელმწიფოს და პუტინს აძლევს უფლებას იგრძნონ თავი მეტ-ნაკლებად კომფორტულად. მართალია მას ეშინია ამ პროტესტის, რადგან ბოლო პერიოდში მისი რეიტინგი დაეცა, მაგალითად, შარშან ეს ძალიან შესამჩნევი იყო. ეს, რა თქმა უნდა, აღელვებს პუტინს და ხედავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა და პროცესები, არც ისე კარგ მდგომარეობაშია, რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია სანქციები. ნავთობის ფასი, არც ისე მაღალია, როგორც 5-6 წლის წინ იყო. ნავთობის ექსპორტი შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა იგივე რაოდენობის ბარელით უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ნავთობით. ამიტომ პუტინი, არც ისე მშვიდად არის, მეორედ ვადა 2024 წელს დასრულდება და რა თქმა უნდა საჭიროა სხვა ფორმა, რომ რუსეთის რეალობაში შეინარჩუნოს მისი ძალაუფლება და გავლენა.

– რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ყველა მეზობელთან, მათ შორის უკრაინასთან, საქართველოსთან და ბელორუსთან რუსეთი ატარებს მუდმივ და აგრესიულ პოლიტიკას. რატომ აკეთებს ამას?

– დღესდღეობით მსოფლიო ცალმხრივიდან მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგზე გადასვლის პროცესშია. ისინი საკუთარ თავს ხედავენ ამ მსოფლიო აგებულებაში, როგორც ერთ სერიოზულ გავლენიან პოლუსს. იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს, საჭიროა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მისი კონტროლის აღდგენა, რუსეთი მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება “Super Power” ქვეყნად, სხვა შემთხვევაში რუსეთის ბედი ეჭვქვეშ დარჩება.