მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ სკოლაში ნიღბების ტარება, – ამის შესახებ აღნიშნულია ახალი სასწავლო წლისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.

რეკომენდაციის თანახმად, სკოლებს დაევალებათ ნიღბების რეზერვის ქონა.

სკოლაში შესვლის მსურველები შენობაში შესვლას დეზინფექციის შემდეგ შეძლებენ, მას შემდეგ, რაც ჩაიტარებენ თერმულ სკრინინგს და ხელების დეზინფექციას.

ყველა ადამიანმა (მოსწავლეების გარდა) უნდა ატაროს ნიღბები სკოლის შენობის საერთო სარგებლობის ტერიტორიებზე გადაადგილებისას და დგომისას (დერეფნის, კიბეების, მასწავლებლის ოთახის ჩათვლით), მათ შორის შესვენების დროს და ა.შ.

მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, გამოიყოფა დროებითი იზოლაციისთვის ცალკე ოთახი.

გაკვეთილებს შორის თითოეული შესვენების შემდეგ, სველ წერტილებს დეზინფექცია ჩაუტარდება და საკლასო ოთახები განიავდება.

ასევე, პირველ, მეორე და მესამე ცვლის გაკვეთილებს შორის სავალდებულო იქნება ნახევარსაათიანი შესვენების დაწესება, რათა საკლასო ოთახებისა და საერთო სარგებლობის ტერიტორიების სანიტარული გაწმენდა და ვენტილაცია განხორციელდეს; სანიტარულად  დამუშავდება ავეჯის ზედაპირები, რასაც ხშირად ეხებიან.