არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. ჭკვიანი კამერები გათიშულია და არ ფუნქციონირებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ შეისწავლეს, ე.წ. ჭკვიანი კამერები და დაკვირვება შემდეგ მუნიციპალიტეტებში განახორციელეს: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია და მცხეთა.
მათი ინფორმაციით, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერებს დარღვევებზე რეაგირება არ ჰქონდათ, ამ გზით, კამერების დეაქტივაცია და გაუმართაობა დამტკიცდა.
ვიდეოკამერების მუშაობის გამოსაკვლევად გამოყენებული იყო ავტომობილი, რომელსაც ტექდათვალიერების ვადა ამოეწურა. კანონით, კამერებთან გავლის შემდეგ, ადმინისტრაციული კანონდარღვევის გამო, ის უნდა დაჯარიმებულიყო.
“სათვალთვალო კამერები არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთ დარღვევაზე არ რეაგირებენ, ამ გზით, კამერების დეაქტივაცია და გაუმართაობა დამტკიცდა. რაიონის მცხოვრებლები და მძღოლები ამას ადასტურებენ”, – ნათქვამია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.