ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლეულს განათებას გაიყვანენ ნინოწმინდის ქუჩაზე და 15 სოფელში, ხოლო “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” – ორ სოფელში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქალაქ ნინოწმინდაში და მუნიციპალიტეტის 15 სოფელში გარე განათებას მოაწყობენ.
სამუშაოების ტენდერი შპს “მშენებელი 5”-მა გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თავდაპირველი თანხა 195 000 ლარს შეადგენდა. კომპანიამ ტენდერი 154 555 ლარით მოიგო.
ამჟამად დოკუმენტების მომზადებისა და შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
კომპანია შპს “მშენებელი 5” ტენდერის თანახმად განათებას შემდეგ სოფლებში გაიყვანს: ეშტია, დიდი გონდურა, ტამბოვკა, სათხა, გორელოვკა, ყაურმა, მამზარა, პატარა ხანჩალი, ოროჯალარი, კათნატუ, დიდი ხანჩალი, დილიფი, ყულალისი, რადიონოვკა, განძა, ასევე ქალაქ ნინოწმინდაში.
“კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოგვიწერია, როგორც კი მოვაწერთ, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს”, – აცხადებენ კომპანიაში.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია დაამონტაჟებს და ბეტონით დაფარავს 147 ფოლადის საყრდენს, ასევე, გარე განათების 287 კრონშტეინს.
სამუშაოები სამი თვის განმავლობაში უნდა შესრულდეს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” წლეულს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გარე განათების გაყვანა გადაწყვიტა ორმა სოფელმა – ფოკა და განძა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, ამ ორ სოფელში გარე განათების სამუშაოები უკვე დასრულებულია, გარდა ამისა, მერის თქმით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული ყველა სამუშაო მუნიციპალიტეტში დასრულებულია.