ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის მოსახლეობის უკმაყოფილება დღეს პროტესტში გადაიზარდა, რაც ნინოწმინდა-სომხეთის მთავარი მაკავშირებელი გზის გადაკეტვით გამოიხატა. დღეს გაიმართა შეხვედრები, იყო უამრავი დაპირებები. რატომღა დაუგროვდა მოსახლეობას ამდენი უკმაყოფილება…
მოსახლეობის თქმით სოფელ გორელოვკაში წყლის პრობლემა მრავალი წელია არსებობს.
«ჩვენ უკვე 20 წელია ამ საკითხს ვაჟღერებთ, მაგრამ ჯერ არაფერია მოგვარებული. უბრალოდ წელს ხალხი საბოლოოდ ადგა ფეხზე»,- ამბობს სოფლის მაცხოვრებელი მნაცაკან ბაბაჯანიანი.
შეკითხვაზე, თუ მაინცდამაინც წელს რატომ გადაწყვიტეს ასეთი სახით ყურადღების მიქცევა, პასუხი სოფლის სხვა მაცხოვრებელმა გაგვცა.
«ჩვენ სოფელში წყალი არ გვქონდა და წყლის გადაყვანა ცენტრალური მილიდან დავიწყეთ. ერთ ქუჩაზე ხაზი გავიყვანეთ, შემდეგ კი ცენტრალური მილი გასკდა. დეპუტატმა და სოფლის სხვა მმართველობამ მოსახლეობას უთხრეს, რომ მათ არ აქვთ უფლება დამოუკიდებლად გაიყვანონ წყალი. ამის შემდეგ დაიწყო კამათი, რაც ჩხუბში გადაიზარდა»,- თქვა მან.
თუმცა პროტესტი არ იყო გამოწვეული მხოლოდ წყლის საკითხით. გორელოვკაში ბევრს ჰყავს საქონელი და საძოვრების საკითხით არის შეწუხებული.
«მოსახლეობას 840 ჰექტარი საძოვარი გამოუყეს, საიდანაც 100 ჰექტარი ერთმა ადამიანმა არალეგალურად მოთიბა. ჩემი მეურნეობა ვითარდება, მე მყავს ცხვარი, მაგრამ არ მაქვს ადგილი, სადაც შეიძლება ის საძოვარზე გავიყვანო. მე ცხვარი საქონლის საძოვარზე დამყავს, მაგრამ ასეც არ შეიძლება. თუ საძოვარზე ცხვარი იყო, საქონელს აღარაფერი რჩება. ის საძოვრები, რომლის გამოყენების უფლება მე მაქვს, 3-4 ფერმერმა მიითვისა, რითაც აზარალებს და აზიანებს, როგორც მოსახლეობას ასევე სახელმწიფოს»,- ამბობს მნაცაკან ბაბაჯანიანი.
დღევანდელი შეხვედრის შედეგად, სოფელი გორელოვკის მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც სოფლის პრობლემების შესწავლითა და მოგვარებით იქნება დაკავებული.