საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურია და გარკვეულ ტელეარხებს მანიპულირებაში ადანაშაულებს.
”მე სხვა ადგილებშიც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა. სამწუხაროდ, ეს ყველგან ხდება, ეს თანამედროვე მსოფლიო სენია. არაფერი ხდება აქ ისეთი, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა არ არის ისეთი რთული, როგორც ზოგიერთ ტელევიზიას სურს გვაჩვენოს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი თვლის, რომ კრიმინალური ინციდენტების გაშუქებისას ასეთმა მიდგომამ შეიძლება ”ახალგაზრდებსა და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს”. როდესაც ადამიანი ცხოვრობს ასეთ დაძაბულ გარემოში – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, განაცხადა მან.
”ვფიქრობ, ყველამ უნდა შევიგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა, ცოტათი დავმშვიდდეთ, და ყველაფერს გარედან შევხედოთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ არც უნდა წარმოვაჩინოთ ისეთი მონსტრი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად არ არსებობს,”- თქვა პრეზიდენტმა.
ახალქალაქში მომხდარი არეულობების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა მკვეთრად გააკრიტიკეს მმართველი “ქართული ოცნება”. 8 აგვისტოს საღამოს, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მარლთსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინა. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ, ზოგადად, ქვეყანაში დანაშაულის დონე ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათი აზრით, ეს სახელმწიფო ადმინისტრირების კრიზისის შედეგია.