ახალქალაქიდან მდინარე კორხიწყლის ხიდამდე, ახალციხე-ახალქალაქის გზის დაახლოებით 6-7 კმ-იანი მონაკვეთი დანგრეულია. ორმოებს დროდადრო სილით ავსებენ, თუმცა, ეს პრობლემას წვიმის მოსვლამდე აგვარებს.


ახალციხე-ახალქალაქის გზა, კერძოდ, გზის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხიდან 50-60 კილომეტრში მდებარეობს, მძღოლებისთვის სახიფათო გახდა. ორმოები ქალაქიდან იწყება. მძღოლები უკმაყოფილონი არიან და ამბობენ, რომ ამ გზის გავლის შემდეგ ავტომობილი ხელოსანთან მისაყვანი უხდებათ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტმა 6`638`460.00 ლარის ტენდერი გამოაცხადა ახალციხე-ახალქალაქის გზის რეაბილიტაციისთვის (მდინარე კოხრისწყლის ხიდიდან ახალქალაქამდე). მაგრამ ტენდერი ჯერ არ ჩატარებულა.

1

გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის დაპირებას დიდი ხანია იძლევიან. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჯავახეთს 2019 წლის მაისში ეწვია და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ახალქალაქის გასასვლელთან, ახალციხე-ახალქალაქის გზას გაარემონტებდნენ. თუმცა, 2019 წელს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იძლევიან პირობას, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება, თუმცა გზა დღემდე გაურემონტებელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს 2 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პირველი პროექტი არის ახალქალაქთან მისასვლელი 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მდინარე კორცხისწყლის ხიდიდან ახალქალაქამდე, მეორე – 2,5კმ-ის სიგრძის გზა, რომელიც აკავშირებს სომხეთისა და თურქეთისკენ მიმავალ ორ მაგისტრალს.