4 და 5 აგვისტოს ჯავახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) წარმომადგენლები.
დღეს, ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის (UDM)” ოფისში, საქართველოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური საკითხების USAID-ის დირექტორის ადამ შმიდტისა და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლის, “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) დირექტორის ლაშა ჯუღელის შეხვედრა PITA-ს მონაწილეებთან გაიმართა.
შემდეგ ადამ შმიდტი, ლაშა ჯუღელი და USAID-ის სხვა წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მედიის საქმიანობის შესახებ, ასევე USAID-ის იმ რეგიონებთან დაკავშირებულ სამომავლო ნაბიჯებზე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები.
ახალგაზრდებთან შეხვედრა ასევე გუშინ ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
PITA – მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული, მოსახლეობის ფართო ფენებზე ორიენტირებული პროგრამაა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ახალგაზრდა ადამიანებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, უმცირესობებს, ხელისუფლებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, წარმატებული ძალისხმევით გაერთიანებისა და საქართველოში უფრო ინფორმირებული, ინკლუზიური და დაინტერესებული საზოგადოების შექმნის მიზნით, სადაც უარყოფენ დისკრიმინაციასა და მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID საქართველო, მუშაობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკის და გარემოს, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სფეროებში დახმარების გაწევაზე. USAID-ის პროგრამები მიმართულია “ტრანსფორმაციული” განვითარებისაკენ, ცხოვრების დონის ამაღლებისა და სიღარიბის შემცირებისაკენ, ამასთანავე ინსტიტუციონალური პოტენციალის, ადამიანური პოტენციალისა და ეკონომიკური სტრუქტურის გრძელვადიანი ცვლილებებისაკენ. 2012 წელს აშშ-მ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი აღნიშნეს.