დღეიდან, 4 აგვისტოდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე გამგზავრება, – ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სამთვიანი მიწვევა, რომელიც გაცემულია თურქეთის რესპუბლიკის ინდივიდუალური პირის, ან მასპინძელ ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და დამოწმებული იყოს ნოტარიულად თურქული კანონის შესაბამისად.
გარდა ამისა, წასვლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებულია პირადი ინფორმაცია და წარადგინონ იგი მიწვევის ნოტარიულად დამოწმებული ტექსტის თარგმანთან ერთად. პასუხი მიიღება 7-კალენდარულ დღეში, – იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.