21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
აღნიშნულის თაობაზე ანგარიში “ინტერპრესნიუსმა” შენაგან საქმეთა სამინისტროსგან მოიპოვა.
ანგარიშის მიხედვით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმა 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი. ჯარიმის საერთო თანხა ჯამში 26 463 000 ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი, კერძოდ, კომენდანტის საათის დარღვევისთვის – 4 820 ჯარიმა გამოიწერა. გარდა ამას, 1 850 ადამიანი სამზე მეტი პირის თავშეყრისა და სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა. მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა 1 406–ია, ხოლო მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში 430 პირი დაჯარიმდა. კარანტინის რეჟიმისა და თვითიზოლირების ფაქტის დარღვევის 144 შემთხვევაა გამოვლენილ, 39 ჯარიმა კი აკრძალული დაწესებულებების ფუნქციონირება ან რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დაფიქსირდა. მოქალაქეები დაჯარიმდნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილებისთვისაც, შსს–მ ასეთი 27 ფაქტი გამოავლინა, ხოლო საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის ჯარიმა 21 იურიდიულ პირს დაეკისრა.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად, დაწესებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევის ფაქტზე, რომლებიც საგანგებო რეჟიმის მდგომარეობითაა გამოწვეული, 227 სისხლის სამართლებრივი საქმეა გახსნილი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან საქართელოში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა, რომლის მოქმდება 22 მაისამდე გაგრძელდა.