ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე კარანტინის რეჟიმი კვლავ მოქმედებს, თუმცა გაზრდილია იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც თვითიზოლირება შეეძლებათ, მასში ორსული ქალებიც შედიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში შემოსულ ფეხმძიმე ქალებს 14 დღიანი კარანტინის ნაცვლად თვითიზოლირება შეეძლებათ.
“ქვეყანაში შემოსვლამდე ან შემოსვლისთანავე, თვითოზილორების ფორმას ავსებენ, რომელშიც მითითებულია მიზეზები, რომლის გამოც აღნიშნული პირი თვითიზოლირებას გაივლის. შემდეგ ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები მიდიან და თვითიზოლირების ადგილს ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა პირობები თვითიზოლირების მოთხოვენბს. თუკი ყველა პირობა შესაბამისია, თვითიზოლირების ნებას რთავენ”,- გვაცნობეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან.
თვითიზოლირება გარკვეულ ჯგუფებს ეხება, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს, ორსულია, გადატანილი აქვს ქირურგიული ჩარევა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ან მოხუცებული ადამიანები, რომლებსაც მოვლა ესაჭიროებათ, ანუ ის ხალხი, ვინც უფრო დაუცველ ჯგუფს მიეკუთვნება. თითოეული დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განიხილება.
კარანტინი არ ვრცელდება იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებისთვისაც საქართველომ საზღვარი გახსნა, უბრალოდ მათ, ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ტესტის გაკეთება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
ამ 5 ქვეყნის ნებისმიერი ჯგუფის რეზიდენტს/მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ პირდაპირი რეისით შეუძლია. ვიდრე საქართველოს საზღვარს გადაკვეთავენ, სპეციალურად შემუშავებული ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ.
მათივე თანხმობით, თუკი სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსს გადააცილებს, ისინი აეროპორტში PCR-ტესტს დაუყოვნებლივ გაიკეთებენ.