ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ცვლილებების მორიგი პაკეტი განიხილა, რომელშიც წელს შემდგარი ტენდერების დაზოგილი სახსრები- 30 443 ლარი იყო განაწილებული.
დღეს, 28 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2020 წლის ბიუჯეტის მორიგი ცვლილები განიხილეს. დეპუტატები წელს შემდგარი ტენდერებისგან დაზოგილი 30 443 ლარის განაწილების მიზანშეწონილობას განიხილავდნენ. თანხა დაზოგილი იყო შემდეგ ტენდერებზე:
სოფელ კარტიკამში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია- 14 271 ლარი;
ერევნის №53 ბინის ეზოში დრენაჟული სისტემის რეაბილიტაცია – 1286 ლარი;
თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია – 7242 ლარი;
ქალაქის ქუჩების ორმოების გარემონტება – 7644 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური განყოფილების უფროსმა მკრტიჩ მღდესიანმა დეპუტატებს ბიუჯეტის ცვლილებები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის დეპუტატს სამველ პეტროსიანს დაებადა შეკითხვა, რომელიც მან მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენელს გარიკ გალივონჯიანს დაუსვა. კერძოდ, მას დააინტერესა, თუ რატომ აპირებენ ქალაქში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, და არა გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის განყოფილების სახსრებიდან, რომელიც ქალაქის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციითა და მშენებლობით უნდა იყოს დაკავებული.
“არტაკმა (გულისხმობს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორს) გააკეთოს რეაბილიტაცია, ის ხომ მოსახლეობისგან თანხას აგროვებს. კარგი სამუშაო გააკეთეთ, თუმცა ამისათვის თანხა ჩვენი ბიუჯეტიდან კი არა, არამედ გაერთიანებული წყალმომარაგების ორგანიზაციიდან უნდა გამოეყოთ. ქალაქში საკანალიზაციო ლუქებს სახურავები არ აქვთ, შეეძლოთ ამის რეაბილიტაცია”,- თქვა სამველ პეტროსიანმა.
ინფრასტრუქტურის თანამშრომლის გარიკ გალივონჯიანის პასუხი დეპუტატებისათვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, მათ ბიუროს შესთავაზეს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი არტაკ ტარლამაზიანი მოეწვიათ. დეპუტატებს სურთ გარკვევა, თუ ქალაქის საკანალიზაციო სისტემის რომელ ნაწილს ემსახურება გაერთიანებული წყალმომარაგება, და რომელს- ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
“მე ოფიციალური წერილით მოვიწვევ არტაკ თარლამაზიანს, რათა მან განმარტოს, რა ვალდებულება აქვთ მათ, მაგრამ არ აკეთებენ, ჩვენ პირველად არ ვიწვევთ მას”,- თქვა ბიუჯეტურ-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ სედა მელკუმიანმა.
დაზოგილი თანხის განაწილება კომიტეტმა შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადაწყვიტა:
სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღის წყალგაყვანილობის სისტემისათვის – 1536 ლარი;
სოფელ ოლავერდის სკოლაში წყალგაყვანილობისათვის – 10 099 ლარი;
სოფელ ტურცხსა და ლომატურცხში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციისათვის – 17 108 ლარი.
ასევე, 1700 ლარი BobCat-ის სათადარიგო ნაწილების შესაძენად იყო გამოყოფილი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ევროსაბჭოს პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია LAG-გან შეიძინა.
მიუხედავად მოუგვარებელი საკითხისა იმის თაობაზე, თუ რის გაკეთება ევალება გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრს, დეპუტატებმა ცვლილებების პაკეტი დაამტკიცეს და საკრებულოს ბიუროში განსახილველად გააგზავნეს.