საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო. 15 ტონა ტვირთი ევროკავშირის დელეგაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.
ტვირთის მიღების ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა ჰუმანიტარული დახმარება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე გადანაწილდება.
“საქართველოს გადმოეცა, პირადი დაცვის საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობა, კერძოდ კი 15 ტონა ტვირთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამ ყველაფრის განხორცილებაში უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩართულობა და როლი. გაწეული სამუშაოსთვის ქართველი ხალხი ძალიან დიდ მადლობას უხდის მათ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით. ეს მოიცავს 5,000 სახის საფარს, 13,200 დამცავ სათვალეს, 30,000 საიზოლაციო ხალათს, 1,000,000 სამედიცინო ნიღაბს და 328,000 რესპირატორს.
ჰუმანიტარული დახმარება სამინისტროს პირადად ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა ვინსენტ რეიმ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ გადასცეს.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას COVID-19 კრიზისის დროს. ამ სამედიცინო საშუალებების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ქვეყანას დაეხმარება სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებასა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დაცვაში როგორც ახლა, ასევე მომავალშიც. ეს დახმარება არის მხოლოდ ნაწილი იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და ასახავს ჩვენს მყარ პარტნიორობას საქართველოსთან,“ – აღნიშნავს ვინსენტ რეი.
„საქართველო ამ დრომდე ძალიან კარგად ართმევს პანდემიას თავს და ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია. ამ ყველაფრის უკან კი დგანან ის პირები, რომელთა ძალისხმევა აღსანიშნავია, ეს იქნება მთავრობა, სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები, სამოქალაქო საზოგადოება თუ მოსახლეობა. სტაბილურობის მიუხედავად, უნდა ვიცოდეთ, რომ მოდუნების დრო არ არის. სამომავლო გამოწვევებისთვის მუშაობა და მზადება გრძელდება. ევროკავშირის გულუხვი დახმარებით მიღებული დამცავი საშუალებები უფრო შეამცირებს ყოველდღიურ რისკებს და დაიცავს როგორც ჯანდაცვის მუშაკებს, ასევე მათ პაციენტებს, – აღნიშნა სილვიუ დომენტემ.
პირადი დამცავი საშუალებების საქართველოსთვის გადმოცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში. ამავე მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას.
ეს დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს.