საქართველოში კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან სამი პაციენტის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობას უკავშირება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ხუთი შემთხვევა იმპორტირებულია, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი.

„13 პაციენტის განაწილება ასეთია: სამი პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა; ერთი პაციენტის – გაჩიანი; ხუთი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; ორი – სამედიცინო პერსონალი. ერთი შემთხვევაში კი, კონტაქტებისა და წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.