თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ, 10 ივლისს მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან აქვს გახსნილი – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
ამ დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლითაც შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. მათ შორის პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები.
ამასთან, „გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“
კანონპროექტის მიზანია 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, “რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს”.
9 ივლისიდან კი საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო.
ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია და ისლანდია.