საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ახალქალაქის მერია შეთანხმდნენ, რომ ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის ცენტრალურ გზას გადაკეტავენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ალტერნატიულ გზას ააშენებენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ დაეთანხმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამ ადგილის მცხოვრებნი.

ახალქალაქის მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, 21 ივლისს ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის მოხელეს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის ცენტრალურ გზას ჯერჯერობით არ გადაკეტავენ.

“სამუშაოებს მთლიანად თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს. მას შემდეგ, რაც ახალი ალტერნატიული გზა აშენდება, გადაკეტავენ იმ გზას, რომლითაც მოსახლეობა ახლა სარგებლობს”,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.

მისი მტკიცებით, მათ თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შესახებ მოსახლეობას აცნობეს, თუმცა პასუხი, დაეთანხმა თუ არა მოსახლეობა გადაწყვეტილებას, ჯერ არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის დაახლოებით 70 მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა მოთხოვნით, სამხედრო პირებმა მათი ცენტრალური გზა არ გადაკეტონ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილის შემოღობვას საცხოვრებელი ზონიდან ეკლიანი მავთულით გეგმავს, რის გამოც ცენტრალური გზა გადაიკეტება.

პრობლემა იმაშია, რომ ღობე პირდაპირ № 475 შენობის ფანჯრებთან გაკეთდება. პროექტი, რომლის მიხედვითაც შემოღობვას გეგმავენ, ამ ნაწილის ყველა შენობას შეეხება. თუმცა, ეკლიანი მავთული სხვა შენობებთან რამდენიმე მეტრში (6-7) გაივლის, № 475 შენობის შემთხვევაში კი, უშუალაოდ მის ფანჯრებთან იქნება გავლებული.

თუ ტერიტორიის შემოღობვა პროექტის მიხედვით მოხდება, მუნიციპალიტეტის მიერ რამდენიმე წლის წინ აშენებული საბავშვო მოედანი სამხედრო ნაწილის მხარეში მოექცევა, ერთი შენობის მსგავსად, სადაც ოთხი ოჯახი ცხოვრობს. მართალია, ეს შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის გადაცემული, ხალხი იქ მაინც ცხოვრობს.