არ მგონია, რომ არსებული სიტუაცია ძალიან გაფუჭდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი, „გარდაბნის კლასტერია“ და შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.
„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთ დიდ კლასტერთან. ახლაც ასეთი სიტუაციაა. მინდა, რომ ამ სიტუაციას არ გასცილდეს. ახლა გვყავს გარდაბნის რაიონის კლასტერი. ოთხი სოფელია, მცხოვრებთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია. შემთხვევების მატება, ალბათ, მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო. ამ მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ დაწესებულ რეგულაციებს მოსახლეობა შეასრულებს, არ მგონია, რომ გასცილდეს ამ ახალ კლასტერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.