ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლაში და ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ არაქალის საჯარო სკოლაში ენერგოეფექტიანობის კეთილმოწყობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ორივე სკოლაში რემონტი მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით კეთდება. საქართველომ დაფინანსება საქართველოში საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტიანობის ასამაღლებლად და ენერგიის განახლებადი და ალტერნატიული წყაროების პროგრამების რეალიზაციისათვის (NEFCO) ჩრდილოეთ ეკოლოგიური საფინანსო კორპორაციისგან მიიღო. ზემო აღნიშნული სკოლების სარემონტო სამუშაოების ელექტრონული ტენდერ-კონკურსი შპს “მედშენმა” 905,715 ლარით მოიგო.
ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის რეგულირებისა და შენობაში სითბოს შენარჩუნებისათვის შიდა ნაწილში მინების დემონტირების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც JNEWS-ს ელექტრონული ტენდერის მომგები კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოები უკვე დაწყებულია.
“ჩვენი კომპანია გათბობის სისტემის მოდერნიზაციის სამუშაოებს ახორციელებს, ასევე დამონტაჟდება თერმორეგულატორი, ანუ შიგნით თერმორეგულაციის დამოუკიდებელი სისტემა იქნება, რასაც ენერგოეფექტიანობის ამაღლება ეწოდება. ხოლო შენობაში სითბოს შენარჩუნების მიზნით გარე მინის ვიტრაჟს კიდევ მინები დაემატება”,- თქვა შპს “მედშენის” წარმომადგენელმა.
სკოლის ტერიტორიაზე მომუშავე თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ სამუშაოები დაიწყო ივნისში და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.ახალქალაქის №3 საჯარო სკოლა სამშენებლო კონპანია “ხურო”-ს მიერ 2012 წელს აშენდა. ქართული სკოლის შენობა მრავალფუნქციურია. შენობის ერთ ნაწილში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მდებარეობს. სპორტულ დარბაზში რეპეტიციებს ქორეოგრაფიული ანსამბლი “მურჯი” ატარებს.
სკოლის საკლასო კარებები უკვე დაზიანებულია, მილები გაღუნული, სახურავი ჟონავს, ფასადი კი გაშავებულია. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, ან გამოყენებული მასალების დაბალი ხარისხი, ან ცუდი ამინდის პირობების შედეგი. დღემდე 8 წლის წინ აშენებულ ახალ სკოლაში სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა.
სკოლაში ამჟამად 184 მოსწავლე სწავლობს.