ბორჯომის ისტორიულ პარკს (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება 15 ივლისს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ბორჯომის ისტორიულ პარკს – ა) მინერალური წყაროები; ბ) გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო; გ) ხიდები; დ) მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა; ე) ჰიდროელექტროსადგური“, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტ(ებ)ის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.
სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა კი ერთი თვის ვადაში ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს 2003 წლის კონვენციის შესაბამისად ფუნქციონირებს. სააგენტოს მიზანია, დაარეგისტრიროს და შეინარჩუნონ საქართველოს არამატერიალური კულტურის ნიმუშები.
ბორჯომი საქართველოს ყველაზე პოპულარული ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ძირითადად მისი მინერალური წყლით არის ცნობილია. წყარო 1200-1500 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და ჭაბურღილებით დედამიწის ზედაპირზე ამოდის. ერთ-ერთი ასეთი წყარო ცხელი მინერალური წყლით ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარეობს. მსურველებს შეუძლია წყალი უფასოდ დალიონ, ან ჭურჭლით თან წაიღონ.