სოფელ ხოსპიოს მოსახლეობა ჩივის, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც სოფლის შიგნით გადის, 1.5 მეტრით მაღალი საძირკველი გზა ააშენეს, რის გამოც წყალი გროვდება და ხალხი სახლებიდან ვერ გამოდის. კომპანიაში, რომელიც ამ გზის მშენებლობას ახორციელებს, ამტკიცებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე არავითარი პრობლემა აღარ იქნება.
დღეს დილით სოფელ ხოსპიოს მცხოვრებმა Jnews-ის რედაქციას საჩივრით მიმართა მასზედ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დრენაჟული სისტემის არარსებობისა და არასწორად გათვლილი ქუჩის სიმაღლის დონის გამო წვიმის წყლები ვერსად მიედინება, და ისინი სარდაფებსა და სახლებში იწოვება.
სოფლის მცხოვრების როზა აბაჯიანის თქმით, მან არაერთხელ მიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთს არემონტებს, ასევე მერიას და საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკონტაქტა. თუმცა, ზემო ჩამოთვლილი ინსტანციებიდან არსებული პრობლემა ჯერჯერობით ვერცერთმა ვერ მოაგვარა.
“მე მივმართე მერიას, იქ მითხრეს, რომ ეს მათი საქმე არ არის, იქამდე განცხადება მქონდა დაწერილი საავტომობილო გზების დეპარტამენტში, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიმიღია”,- ამბობს ის.
მოსახლეობის მტკიცებით, იმის გამო, რომ გზა ნორმაზე უფრო მაღლა აშენდა, მაცხოვრებლები საკუთარ ავტოფარეხებში ვერ შედიან.
“მე ჩემი ფართის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ არავის არ უნდა მისი ყიდვა. მოვიდა მყიდველი, ნახა რა ვითარებაა, და არ იყიდა”,- ამბობს როზა აბაჯიანი, რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე მაღაზია და კვების ობიექტები აქვს.
მისი თქმით, წვიმის დროს ქუჩის ამ ნაწილში მუდმივი გუბეებია, მის ფართში მუდმივი სინესტეა, ამიტომ არავის არ სურს მისი ყიდვა.
როზა აბაჯიანი ამბობს, რომ გზა ნორმაზე 1.5 მეტრით მაღლაა აშენებული, მსგავსი პრობლემა ამიტომ ჩნდება. ის შეწუხებულია იმით, რომ მუდმივ სინესტეს ფართის საძირკველის დანგრევა შეუძლია.
გზის ამ მონაკვეთზე სხვა მცხოვრების მისაკ ადამიანის თქმით, გზის მშენებლობის დროს ბევრი ხრეში დაყარეს, რითაც გზა ძალიან ამაღლდა, ამიტომაც წარმოიქმნა მსგავსი პრობლემა.
“განა ასე შეიძლება? ხალხს საკუთარი ეზოდან ავტომანქანებით თავისუფლად გამოსვლა არ შეუძლია”,- ამბობს ის.
კომპანია “ჯავახ ავტო გზის” დირექტორი ჯაბა ძირკვაძე ამბობს, რომ ამჟამად სოფელ ხოსპიოში სამშენებლო სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. მისი მტკიცებით, დასრულებისთანავე არავითარი პრობლემა არ იქნება.
“სოფელში გზიდან ჩასასვლელი აშენდება ყველგან სადაც საჭირო იქნება. სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე არავითარი პრობლემა არ იქნება, და წყალიც არ დაგროვდება”,- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ ხოსპიო-ახალქალაქის მონაკვეთი ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რემონტდება. სარეაბილიტაციო ტენდერი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 18 აპრილს 19 038 910 ლარით გამოცხადდა. ტენდერი კომპანია “N1 საგზაო სამშენებლო სამმართველო”-მ 14 749 992,92 ლარით მოიგო, თუმცა სარემონტო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ახორციელებს.