ფარავანი – საქართველოს ყველაზე დიდი ტბა – 2021 წლიდან ჯავახეთის ნაციონალური პარკის პროტექციას დაექვემდებარა.
როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი, თამაზ მეტრეველი აცხადებს, ფარავნის ტბის ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნუსხაში შეტანის მიზანია, ბუნების იმგვარად შენარჩუნება, როგორიც ახლაა.
“მიზანი- ბუნების, ფრინველების, თევზების, ენდემური სახეობების შენარჩუნებაა. მართალია, თევზჭერას არ ავკრძალავთ, თუმცა დავაწესებთ შეზღუდვებს, არ დავუშვებთ თევზჭერას ქვირითობის დროს და დიდი ბადეებით. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ტბაში ნაკელს ყრიან, ამასაც გავაკონტროლებთ”, – ამბობს ის.
თამაზ მეტრეველის თქმით, გამრავლების მიზნით ისინი ტბაში გაუშვებენ თევზების იმ სახეობებს, რომლებიც აქ, ოდითგან ბინადრობდნენ.
ფარავნის ტბის დაცული ტერიტორიების სიაში შეტანის მიზანია, არა მხოლოდ ფარავნის ტბის უმშვენიერესი ბუნების, ფაუნისა და ფლორის შენარჩუნება, არამედ ამ ადგილას ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონში ტურიზმი განვითარდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ტურისტებს საკუთარი პროდუქცია მიყიდონ.
როგორც თამაზ მეტრეველი ამბობს, ფარავნის ტბის დაცული ტერიტორიების სიაში ოფიციალურად შეტანამდე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდებიან და ვითარებას გააცნობენ, თევზჭერასთან დაკავშირებულ დეტალებს დააზუსტებენ.
ფარავნის ტბასთან ერთად დაცული ტერიტორიების სიაში, ასევე, საღამოს და აბულის ტბებსაც შეიტანენ.
ფარავნის ტბა საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტბა ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზეა და მისი ფართობი 37,5 კმ²-ს შეადგენს. მისი მაქსიმალური და საშუალო სიღრმე – 3,3 და 2,2 მ -ია. ტბა 91 მლნ კუბამეტრ წყალ იტევს. წყლის დონე ყველაზე მაღალი ოქტომბერსა და ნოემბერშია, ხოლო ყველაზე დაბალი – მაისსა და ივნისში.