ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საბავშვო ბაღში სველი წერტილი აშენდება. მრავალი წლის განმავლობაში ბავშვები ნახევრად დანგრეული საპირფარეშოთი სარგებლობდნენ, რომელიც შეობის გარეთ, ბაღის შენობის გვერდით მდებარებს.
სოფელ ხანდოს საბავშვო ბაღში სველი წერტილის ასაშენებლად ახალქალაქის მერიამ 119 570 ლარიდან 36 310 ლარი გამოყო, რომელიც სარემონტო სამუშაოებიდან დაიზოგა.
სოფლის საბავშვო ბაღის დირექტორის თქმით, იმი გამო, რომ საპირფარეშო შენობის გარეთ არის, ზამთარში მშობლები ბავშვებს სკოლამდელ დაწესებულებაში არ უშვებენ.
“საბავშვო ბაღში ბევრი პრობლემაა. რაც ჩვენთან პირველად სტუმრობისას ნახეთ, იგივე დარჩა, თუმცა უმნიშვნელოვანესი პრობლემა სველი წერტილის არქონაა. ზამთარში, სიცივის გამო, მშობლები ბავშვებს არ უშვებენ, რადგან ეზოში მდებარე საპირფარეშოც ცუდ მდგომარეობაშია. მთავარი სველი წერტილის პრობლემის მოგვარებაა”, – აცხადებს სოფელ ხანდოს საბავშვო ბაღის მენეჯერი გოარინე მელიქიანი.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის, მაგდა ამირშადიანის თქმით, სოფელ ხანდოს საბავშვო ბაღში სველი წერტილის მშენებლობაზე ტენდერ-კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
ხანდოს საბავშვო ბაღი სოფლის ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარეობს, მეორე სართულზე კი სოფლის ადმინისტრაციაა განთავსებული. საბავშვო ბაღში ორი ოთახია, ის დღეში 4 საათით კვირაში 5 დღე მუშაობს, 10:00-დან 14:00 საათამდე ყოველდღიური კვებით, რომელსაც მშობლები რიგრიგობით უზრუნველყოფენ. ძირითადად, მაღაზიის საკონდიტრო ნაწარმია.
ამ შენობაში არ არის გათბობის სისტემა, ოთახები ელექტროგამათბობლებით თბება. საბავშვო ბაღში სათამაშო ოთახიც არარსებობს, არის დიდი ბეტონის ტერიტორია, რაც მშობლებს აშფოთებთ. თამაშის დროს ბავშვი შეიძლება წაიქცეს და რამე იტკინოს.
სოფელ ნახდოს სკოლამდელ დაწესებულებაში დაახლოებით 60 ბავშვი დადის ორ ცვლად. საბავშვო ბაღი უიმედო მდგომარეობაშია.