დღეს, 8 ივლისს, ახალქალაქის მერიასთან კიმ კუღოიანის მომხრეები და ახლობლები შეიკრიბნენ. კუღოიანი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვისა და გამოყენებისათვის გაასამართლეს და გუშინ 4,5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებულის ახლობლები ხელისუფლებისგან განაჩენის შეცვლას ითხოვდნენ.
დაახლოებით 12.00 საათისათვის ხალხმა ახალქალაქის მერიასთან შეკრება დაიწყო. მათ ხელისუფლებასთან შეხვედრა სურდათ და ელოდნენ, რომ მათთან შესახვედრად დეპუტატი, მერი და საკრებულოს წარმომადგენელი გამოვიდოდა. დაცვას აქციის მონაწილეების შეშვება არ სურდა, თუმცა საბოლოოდ მერიის შენობაში ყველამ შეაღწია.
კუღოიანის მშობლები და შეკრებილი საზოგადოება თვლიან, რომ კიმ კუღოიანი უდანაშაულოა, და სასამართლო განაჩენის გამოტანაში სხვადასხვა ადამიანსა და სტრუქტურებს ადანაშაულებენ. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში და მექრთამეობაში ადანაშაულებენ, ხოლო სასამართლოსა და აღნიშნული საქმის მოსამართლეს, არარატ ესოიანს, მიკერძოებაში სდებენ ბრალს.
აქციის მონაწილეები პოლიციის ერთეულ მუშაკებსაც აკრიტიკებდნენ, კერძოდ, პოლიციის ყოფილ უფროსს გიორგი სორდიას. შეგროვილი საზოგადოება ამტკიცებს, რომ კუღოიანს იარაღი სწორედ მან მიუგდო. ასევე დაადანაშაულეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი შალვა ლომსაძე, რადგან მსგავს პროცესებს ის აკონტროლებს.
კიმ კუღოიანის მშობლებმა ცენტრალური მეიდია -“TV იმედი”, “მთავარი” და “რუსთავი” ხელისუფლებისადმი ლოიალურობაში დაადანაშაულეს, რადგან, მათი მტკიცებით, ეს მედია საშუალებები ამ პროცესების გაშუქების თხოვნას აიგნორებდნენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტროსიანიც ახსენეს. მათი მტკიცებით, ის იარაღის 14 ერთეულს ინახავდა. ასევე კუღოიანის მშობლებმა და მომხრეებმა მოუწოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალქალაქში არ ჰქონდეთ მათი აქტიურობის იმედი. მომხრეებმა მთავრობა დაადანაშაულეს იმაში, რომ “მუქთა მჭამელები არიან, რომლებმაც დააშინეს მოსახლეობა და მათ კისერზე სხედან”.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან გამოვიდა პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
ენზელ მკოიანმა თქვა, რომ ესმის მშობლების მდგომარეობა, და ესაუბრა ყველას, ვისაც კი შეეძლო ამ საკითხის მოგვარება, თუმცა შედეგი არ არის.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობდნენ, რომ კიმ კუღოიანი სასამართლო ხსდომებს რომ დასწრებოდა და დანაშაული რომ ეღიარა, საპროცესო შეთანხმებაზე რომ წასულიყო, შესაძლოა უფრო ნაკლები ვადით გაესამართლებინათ. თუმცა, როგორც მშობლები ამტკიცებენ, კუღოიანი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ თვლის.
საპროტესტო აქციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ კიმ კუღოიანი ჯერ არ დაპატიმრებულა, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცის, და თუ ის მალვას განაგრძობს ძებნა გამოცხადდება.
კუღოიანის საქმეზე უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ ბმულზე.