მიუხედავად იმისა, რომ დღეს მარცვლეულის გადამუშავების ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს, მათ შორის, დოლაბები და წისქვილები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის ზოგიერთი მაცხოვრებელი ქერის მარცვლებს, ძველი ტრადიციების თანახმად, ხელით ამუშავებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის მცხოვრები ზინაიდა საარიანი ქერის გადამუშავებისათვის ძველ ტრადიციებს იყენებს, რომლებიც შენარჩუნდა და ოდიდგანვე თაობებს გადაეცემა. მიუხედავად მარტივი და თანამედროვე ტექნიკის ხელმისაწვდომობისა, ის ტრადიციულ მეთოდზე უარის თქმას არ აპირებს, რადგან მას მთელი ცხოვრების განმავლობაში იყენებდა.

ძველად ყველაფერი ხელით კეთდებოდა. რძისგან- კარაქი და ყველი, ქერისგან- კორკოტი და ბურღული. ხელნაკეთი მოწყობილობები ყველა სახის სამუშაოსათვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელთ არსებული მასალებით ამზადებდა. მაგალითად, ქერის დასამუშავებლად როდინის მსგავსი, ჩაღრმავებული, დიდი ქვა გამოიყენება. აქ, კარტიკამში, ძველი ქვის როდინები და მძიმე რკინის სანაყები, რომელსაც სოფელში “თუჯს” უწოდებენ, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

ქვის როდინში ქერს ყრიან, ამატებენ ცოტა წყალს, რათა მარცვლეული დაარბილონ, და მძიმე მეტალის სანაყით მარცვლის დანაყვას იწყებენ. ამგვარად ქერისგან ცალკევდება ჩენჩო და ბურღული, რომელსაც ადგილობრივები “იარმას” უწოდებენ, ხოლო სხვა სოფლებში “კორკოტს” უძახიან.

1

ქერის კორკოტად ქცევის პროცესი საკმაოდ საკირკიტო და რთული საქმეა. ხშირად, დაღლილი და ქანც გამოცლილი ადამიანები, მძიმე როდინს ერთმანეთს გადასცემენ და სამუშაოს ამგვარად აგრძელებენ. თუმცაღა, შედეგი, მასში ჩადებულ შრომას ნამდვილად ამართლებს. კორკოტისა და ბურღულისგან “პასუტც დოლმას”, “ხაშილს”,”შილა ფლავს” და ჯავახეთის ტრადიციული სამზარეულოს სხვა ბევრ, გემრიელ კერძს ამზადებენ.

2