აბიტურიენტების წერილობითი საგამოცდო ნამუშევრები 3-4 დღის მერე, მას შემდეგ გასწორდება, რაც ისინი კარანტინს გაივლის, განუცხადა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.
თქვენი განათლება ქვეყნის წინსვლის გარანტიაა – გახარიამ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა
„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება”, – განაცხადა გორგოძემ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ხვალიდან მობილიზებული იქნება პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას აბიტურიენტების მშობლების მხრიდან.
„მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე. ხვალ კიდევ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია”, – განაცხადა გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.