ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებისა ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა, პაციენტები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება.
„ამ დროისათვის, დღეისთვის, საქართველოში ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 953-ს, აქედან 850 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და დატოვა სამედიცინო დაწესებულება. სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, 3 903 ადამიანი იმყოფება საკარანტინო პირობებში, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ჩვენ გვყავს 202 პირი. აქვე მინდა, შეგახსენოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომებზე და შევახსენო საზოგადოებას, რომ უკვე დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც“,- განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.