გუშინ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ნინოწმინდას სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის მიზანი წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი იყო. სტუმრებმა ასევე სასწრაფო გადაუდებელი დახმარების შენობა და ქუჩები მოათვალიერეს. ილია ბეგიაშვილს თან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლდნენ.

2020 წელს რეგიონალური განვითარების ფონდმა 329 მილიონი ლარი შ​​​​​​ეადგინა, რაც სპეციალური ფორმით იყო განაწილებული. სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა, ობიექტური ფორმით შეგროვილი, სხვადასხვა თანხა მიიღო. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 6 000 000 ლარს შეადგენს. ფონდის დაფინანსებით, ძირითადად, გზებისა და ქალაქის ქუჩების ასფალტირება კეთდება.

ილია ბეგიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაოები შეჩერებული იყო, განხორციელებული სამუშაოების ტემპი ძალიან სწრაფია. მინისტრის მოადგილე რეგიონში სხვა მუნიციპალიტეტებსაც ეწვევა.

“მინდა გითხრათ, რომ ამ მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ, სწორი მენეჯმენტი ხორციელდება. პროექტების თანხებიც სწორად და მიზანმიმართულად არის გაწერილი. ამას გასული წლის სამუშაო გამოცდილება გვიჩვენებს”,- აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პროექტების რეალიზაციის დროს დაშვებულ, ზოგიერთ შეცდომაზე მიუთითა. მაგალითად, გათვალისწინებული არ იყო წყალგამავალი არხები, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო, რადგან წყალი ეზოში გროვდება. მათი თქმით, წელს მსგავსი არხები ზოგ ქუჩაზე უკვე გათვალისწინებულია. ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სიტუაცია შეიცვალა, იცვლება მოთხოვნები, სტანდარტები, მაპროექტებლები, მაგრამ ხარვეზების შესწორება არის შესაძლებელი.

“ინფრასტრუქტურაც ვითარდება. იცვლება პრიორიტეტები, პროექტის თანხებია გაზრდილი. იმ ქუჩებზე, სადაც აუცილებელი იქნება, წყალგამავალ თხრილებს გააკეთებენ, ეს გეოგრაფიულ განლაგებაზეა დამოკიდებული”,- დაამატა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

გადმოგვცემს nor.ge.