ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, 6 ივლისიდან, ორშაბათიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. კერძოდ, ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციების, გამოფენებისა და ტრენინგების ჩატარება.
როგორც ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ორშაბათამდე ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს გამოაქვეყნებს, რომლითაც უნდა ისარგებლონ სასტუმროებმა და საგამოფენო ცენტრებმა.
„დღეს ვიმსჯელეთ გეგმაზომიერად. კიდევ არის ბიზნესსაქმიანობები, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება, გარკვეული რაოდენობა ბიზნესსაქმიანობის დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება. ეს არის გამოფენები, ეს არის ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში – დიდი მოთხოვნაა. საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა იყო ტრენინგების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების. ეს მოთხოვნა არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს პროტოკოლი და ორშაბათამდე გამოქვეყნდება. დავეხმარებით სასტუმროებს, რომ არ დაკარგონ მსგავსი ღონისძიებები“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა აუზებსა და ფიტნეს-ცენტრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მომატებული რისკის გამო, ამ ეტაპზე, მათთვის რეგულაციების მოხსნა არ იგეგმება, თუმცა მთავრობა შემდეგ ეტაპზე განიხილავს ამ საქმიანობებისთვის შეზღუდვის მოხსნას.