ახალქალაქში მიკოიანის ქუჩის მაცხოვრებლები უკვე მრავალი წელია სიბინძურეში ცხოვრობენ. ღია კანალიზაციის გამო აქ ანტისანიტარიული პირობები შეიქმნა. მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა მერიას, თუმცა პასუხი არ მიუღია. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომაპნიის ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერი აცხადებს, რომ ამ პრობლემაზე მუშაობენ, მაგრამ პრობლემის გადაჭრის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.

მიკოიანის ქუჩის ბოლო ნაწილის მაცხოვრებლები ღია კანალიზაციით გამოწვეულ უსიამოვნო სუნს უჩივიან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ საკითხის მოგვარებას ითხოვენ. ისინი უკვე მრავალი წელია მილის ბოლოს ლუქის არარსებობის გამო საშინელი სუნისგან იტანჯებიან, რომელიც საკანალიზაციო ხაზის აღნიშნულ მონაკვეთს ასრულებს.

მოსახლეობის თქმით, მათ არაერთგზის მიმართეს მერიას, თუმცა ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

“ჩვენ რამდენჯერმე დავწერეთ მერიაში განცხადება, თუმცა პასუხი არ მიგვიღია”,- ამბობს მიკოიანის ქუჩის მცხოვრები.

გარდა ამისა, მოსახლეობა ჩივის, რომ მთლანად, ბოლო მონაკვეთზე, არა მარტო სუნის პრობლემაა- იქ სამშენებლო ნაგავსაც ყრიან.

1

როგორც აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, საკანალიზაციო მილის ბოლოს უნდა იყოს ლუქი, ან ის უნდა დაიხუროს სხვა რაიმე ხერხით, რათა საშინელი სუნი არ გამოვიდეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერის არტაკ თარლამაზიანის თქმით, ისინი პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი არიან. მისი მტკიცებით, მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ მიკოიანის ქუჩაზე, არამედ ქალაქ ახალქალაქის სხვა ადგილებშიც არის.

მისი თქმით, თბილისიდან სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც მოათვალიერეს ყველა ადგილი, სადაც მსგავსი პრობლემა არსებობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები.

“ჩვენ განცხადება მივიღეთ როგორც მერიიდან, ასევე მოსახლეობის მხრიდანაც. ჩამოსულები იყვნენ სპეციალისტები, მათ ქალაქის მსგავსი პრობლემური ადგილები მოინახულეს. თავიდან მთელი ქალაქის პროექტი უნდა შეადგინონ, სადაც ეს და სხვა პრობლემები აისახება, შემდეგ კი სარემონტო სამუშაოების დაწყება გახდება შესაძლებელი”,- ამბობს არტაკ თარლამაზიანი.

მისი თქმით, სამუშაოები დღემდე კორონავირუსის სიტუაციის გამო არ დაწყებულა, და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოგვარდება ეს საკითხი.