ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეცხოველეობა კლებულობს. სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ ყველაზე იაფი სოფელში წარმოებული რძეა, რომლის რეალიზაციაც აღარ არის მომგებიანი.

Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარს, ბოზალისა და კარწახს ესტუმრა, რათა გაეგო რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები და რა ღირს სოფლებში ლიტრი რძე.

დღეს სოფლის მოსახლეობა 1 ლიტრ რძეს 1,20-დან 1,30 ლარამდე ყიდის.

ეზეკ მარაბიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალში ცხოვრობს. რძეს 1,20 ლარად (ლიტრი) ყიდის. რძის ფასი მას არ აწყობს, მაგრამ იძულებულია გაყიდოს, რადგან სსხვა ალტერნატივა არ აქვს.

„ზამთრის თვეებში ძროხა ნაკლებ იწველება, რაც იმას ნიშნავს, რომ რძე ნაკლებია, მაგრამ როგორც ხედავთ ფასი საერთოდ არ იზრდება. ბევრი პირუტყვი არ მყავს, სახლში მოხმარებისთვის ვინახავ. ზაფხულში კი რძეს თავად ვამუშავებთ. რძის გასაყიდად გადამუშავება მომგებიანი არ არის,“ – ამბობს ეზეკ მარაბიანი.

მიუხედავად იმისა, რომ წელს პირუტყვის რაოდენობის გაზრდას აპირებს, მისთვის რძის ფასი მიუღებელია. ამბობს, რომ რადგან სოფელში ცხოვრობს, რაღაც მაინც ხომ უნდა გააკეთოს.

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის დიზელის საწვავია საჭირო, რისი ფასიც ძალიან მაღალია. წარმოიდგინეთ, 60 ლიტრი რძე უნდა გავყიდო, რომ 20 ლიტრი დიზელის საწვავი ვიყიდო“, – ამატებს ეზეკი.

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მცხოვრები გრიგორ ასლანიანი ამბობს, მათ სოფელში პირუტყვის რაოდენობა არ მცირდება. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით არის დაკავებული.

„რძეს იაფად ვყიდით და მალე კიდევ უფრო გაიაფდება. ვმუშაობ, მაგრამ სარგებელი არ მაქვს. 7 ძროხა მყავს. ძროხა წელიწადში 100 ტუკს მოიხმარს, მწყემსს 100 ლარს ვაძლევთ, 1 ლიტრი რძე კი 1,20 ლარი ღირს. სოფლის მცხოვრებისთვის ერთადერთი სარგებელი საკუთარი ტანჯვაა და მეტი არაფერი“, – ამბობს სოფელ კარწახის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

ზემოაღნიშნული სოფლებისაგან განსხვავებით, სოფელ პატარა სამსარში რძე არა მხოლოდ იაფია, არამედ მყიდველიც არ არის საკმარისი. მოსახლეობის თქმით, რძეს დაბალ ფასადაც ვერ ყიდიან.

„რძეს ვერ ვყიდით, მყიდველები არიან, მაგრამ როცა უნდათ, მაშინ მოდიან. ხოლო როცა არ მოდიან, გვეუბნებიან, რომ გზა ძნელად გასავლელია, ასე თუ გაგრძელდა პირუტყვის გაყიდვა მოგვიწევს“, – ამბობს სოფლის მცხოვრები ვარშამ ხაჩატრიანი.

ხოლო სოფელ სულდაში რძე 1,30 ლარად იყიდება. არტიუშ მარუკიანი ერთ-ერთია, ვინც სოფელში რძეს ყიდულობს, შემდეგ მიაქვს და აბარებს.

მისი თქმით, რძის დეფიციტი ზამთრის თვეებში შეინიშნება, რაც გავლენას ახდენს რძის გაძვირებაზე.

გევორგ ჯანოიან