
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.
„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითიც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
წყარო – პირველი არხი