
თბილისში საპროტესტო აქციები ახალ ტალღაზე გადავიდა, „თბილისი მოლთან“ შეკრებილი მოქალაქეები ქალაქში შესასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის შესასვლელთან საპროტესტო აქციის აღსაკვეთად გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, აქციის მონაწილეები დაგეგმილ ადგილზე მაინც შეიკრიბნენ. შსს-ს მიერ მობილიზებული შესაბამისი ქვედანაყოფების წარმომადგენლები ცდილობდნენ მოქალაქეების საპროტესტო აქციის თავიდან აცილებას, რის შემდეგაც დაიწყო შეტაკებები.
პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება და აკავებს. ასევე დააკავეს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, ასევე დაკავებულებს შორის არიან სხვა პოლიტიკური ფიგურები – გიგი უგულავა, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე, ასევე დიმა ბიძინაშვილი, “TV Pirveli”-ს ოპერატორი ნიკო კოკაია.
„თბილისი მოლთან“ შეკრებილები თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ დაიძრნენ. პოლიცია მათ გზის სრულად გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს და მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება.
ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია უხეშ ძალას იყენებს, აგინებს მომიტინგეებს და აკავებს აქციის მონაწილეებს.
აღვნიშნავთ, რომ ამ წუთებში საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც იმართება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იგივე რჩება – ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.