ცენტრალური საარჩევნო კომისია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს მონაწილეობის პროცედურებს აცნობებს.კერძოდ, ცესკოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.
წელს მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ანუ საკრებულოს აირჩევენ, თვითმმართველი ქალაქები კი მერებს.
ბოლოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს ჩატარდა. 2025 წლის საარჩევნო წელი იმით დაიწყო, რომ ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და 28 ნოემბრიდან ყოველდღე გამოდიან ქუჩაში პროტესტის ნიშნად.
ასეთ პირობებში განსაკუთრებით საინტერესოა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 50%-ზე ნაკლები მოიპოვა, რაც საფუძველს აძლევს ოპოზიციას, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის არჩევნებში ამ ქალაქებში გაიმარჯვოს.