საპროტესტო აქცია თბილისში 4 დეკემბრის დილას მეტრო “დელისთან” 06.00 საათზე ფოიერვერკით დასრულდა.
მანამდე მომიტინგეები თითქმის ორი საათის განმავლობაში მსვლელობას აწყობდნენ თბილისის ქუჩებში.
რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარედ 03.30 განსაკუთრებით გააქტიურდა სპეცრაზმი, მომიტინგეების დასაშლელად გაუშვეს მხუთავი აირი. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით მსვლელობა მოაწყვეს თბილისის მერიისკენ. აქ მცირე ხნით შეყოვნდნენ, მერე კი მეტრო “დელისამდე” იარეს, თან მღეროდნენ.
მეექვსე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად არბევს. დაკავებულია, ნაცემი და მძიმედ დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
წყარო – netgazeti.ge