სულდას მოსახლეობის ყველაზე მწვავე და მთავარი პრობლემა ბუნებრივი აირის არარსებობაა. გაზის ნაცვლად მოსახლეობა ელექტროენერგიას და შეშას იყენებს, რაც მათ ძვირად უჯდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გაზიფიცირების პრობლემას სოფლის მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია აყენებს, საქმე წინ არ წასულა.

ზამთარში სოფლის მცხოვრების საფიქრალი მაშინ იმატებს, როცა შეშის ყიდვა და გაზის ბალონის შევსება უწევს, რადგან ერთადერთი გამოსავალი შეშის ღუმელია.

წელიწადის 7-8 თვე სულდაში უამინდობის გამო ნოემბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე შეშის და ნაკელის ღუმელებს იყენებენ.

„ძალიან გვიჭირს, რადგან გაზი არ არის. ერთ რიგ შეშაში 600 ლარს ვიხდით, საშუალოდ 4-5 კაციანი ოჯახი 5 რიგ შეშას იყენებს, ეს არის 3000 ლარი. არიან ადამიანები, რომლებსაც შეშის ყიდვის საშუალება არ აქვთ და ნაკელს იყენებენ“, – ამბობს სერგეი აფოიანი.

შეშის ან ნაკელის გამოყენების შედეგად სოფლის მცხოვრებს ყოველწლიურად უწევს რემონტის გაკეთება, რადგან სახლის კედლებზე შეშისა და ნაკელის ჭვარტლი ჩნდება.

„გაზი არა მხოლოდ იაფია, არამედ სუფთაც. ყოველწლიურად ზამთარში ჩვენ სახლში შეშას ვწვავთ. ჯერ შეშას ვყიდულობთ, შემდეგ ვჩეხავთ და ვაშრობთ. შეხედეთ, ეს არის შრომატევადი და ძვირი, გარდა ამისა, ყოველწლიურად ჭვარტლის გამო სახლის გარონტება გვიწევს, რაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – ამატებს სოფელ სულდას მკვიდრი სერგეი აფოიანი.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ კეთილმოწყობილი ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გაზიფიცირებაა, რაც მათთვის მიუწვდომელია.

„21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, თუმცა გაზი არ გვაქვს, სადილის მომზადება ძალიან გვიჭირს, გაზის ბალონები უნდა შევავსოთ, ხოლო ამისთვის ქალაქში გვიწევს სიარული, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული”, – ამბობს სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი სარგის ვარდიკიანი.

ახალქალაქის სხვა სოფლების მცხოვრებლებისგან განსხვავებით, სულდას მცხოვრებლები ორჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ და სხვებზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე გაზი რომ ჰქონოდათ.

„ბუნებრივ აირთან შედარებით ძალიან ძვირია. დენის გადასახადს თვეში 100-150 ლარს ვიხდი. სულდას გარდა, გაზის პრობლემა აქტუალურია მეზობელ სოფლებში: დადეშში, კარწახში, მიასნიკიანში, დავნიაში, ერინჯასა და ხავეთში, რომლებიც გზის იმავე ხაზზეა განლაგებული. ეს პრობლემა მრავალი წელია არ მოგვარებულა და იმის იმედი, რომ ოდესმე გაზი გვექნება, არ არის“, – ამბობს სარგის ვარდიკიანი.

სულდას მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელ ვაჩიანიდან მათ სოფელამდე მილების გაყვანა 1,5-2 კმ-ზეა საჭირო.

ხოლო გაზგამანაწილებელი კომპანიის SJGC-ის დირექტორი, რომელიც ჯავახეთის გაზიფიცირებას ახორციელებს, ვრეჟ ბერიკიანი ამბობს, რომ სულდასა და მიმდებარე სოფლების გაზიფიცირება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არ იგეგმება.

„ცენტრალური გაზსადენი, რომელიც სოფელ ვაჩიანამდე მიდიოდა, პატარა მილს წარმოადგენს. სულდასა და ამ ხაზზე განლაგებული სოფლების გაზით მიწოდებისთვის აუცილებელია ხულგუმოს გამყოფი ხაზიდან ახალი გაზსადენის მშენებლობა. ამ დროისთვის ახალი გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობა არ გვაქვს, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ვრეჟ ბერიკიანი.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის GGTC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2024-2025 წწ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაზი 6 სოფელს მიეწოდება, რომელთა რუცხვში სულდა არ შედის.

სულდაში მზად არიან, საკუთარი ფული გამოიყენონ, ოღონდ გაზი ჰქონდეთ და ხალხმა სოფელი არ დატოვოს. ხოლო ბოლო წლებში სოფლიდან ბევრი გადავიდა.

სულდაში ამჟამად ფაქტობრივად 160 ოჯახი ცხოვრობს. მაშინ როცა 10 წლის წინ 200 და მეტი ოჯახი იყო. ამიტომ სულდას გაზიფიცირება სოფლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

გევორგ ჯანოიანი